LIVE

ბაიდენი Covid-19-ის წარმოშობის შესახებ ახალი გამოძიების ჩატარებას ითხოვს

27 მაი 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1090
ბაიდენი Covid-19-ის წარმოშობის შესახებ ახალი გამოძიების ჩატარებას ითხოვს
Bloomberg

Covid-19-ის წარმომავლობის შესახებ არსებული განსხვავებული მოსაზრებების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სადაზვერვო სააგენტოებს 90 დღეში საკითხის გაორმაგებული ძალისხმევით შესწავლა დაავალა.

ბაიდენის თქმით, ანგარიში, რომელიც დაზვერვამ მაისის დასაწყისში მიაწოდა, ორაზროვანია. ის ეყრდნობა ორ თეორიას: ერთი მხრივ, ინფექციის წყარო ცხოველია, მეორე მხრივ, კი განხილულია მისი ლაბორატორიული წარმომავლობა. ბაიდენის შეფასებით, ორივე თეორია ნაკლები ან საშუალო რწმუნებითაა წარმოდგენილი. თეთრი სახლი არ აცხადებს, დაზვერვის რომელი სააგენტო იხრება ვირუსის ლაბორატორიული წარმომავლობის ვერსიისკენ. 

“ვთხოვე სადაზვერვო სააგენტოებს გაორმაგებული ძალისხმევით შეაგროვონ და გააანალიზონ ინფორმაცია, რომელიც საბოლოო დასკვნასთან ახლოს მიგვიყვანს. ეს მოიცავს ჩინეთის მიმართ კონკრეტულ შეკითხვებსაც”,- თქვა ბაიდენმა.

Covid-19-ის გავრცელებიდან წელიწადზე მეტი გავიდა და მეცნიერები მისი წარმომავლობის ზუსტ წყაროს კვლავ ვერ ასახელებენ.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პერიოდში CDC-ის დირექტორი ინფექციის ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიას ემხრობოდა.  

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ” (WHO) მიმდინარე წლის დასაწყისში დაასკვნა, რომ ყველაზე სავარაუდო თეორიით, ვირუსი ადამიანებზე ღამურებიდან, დაუზუსტებელი შუამავალი ცხოველის საშუალებით, გავრცელდა. თეთრმა სახლმა ვერსია სარწმუნოდ არ მიიჩნია და ბაიდენმა მარტში სააგენტოებს ანგარიშის მომზადება დაავალა. 

ბაიდენის მრჩეველი და ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ენტონი ფაუჩი ვირუსის ხელოვნურად გავრცელებას ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ 100%-ით დარწმუნებული არ არის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოშ ვინგროვი