LIVE

რუსეთი აშშ-ის უდიდეს გაზსადენზე კიბერშეტევაში მონაწილეობას უარყოფს

11 მაი 202121:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 613
რუსეთი აშშ-ის უდიდეს გაზსადენზე კიბერშეტევაში მონაწილეობას უარყოფს
AP Photo/Seth Wenig

რუსეთი აშშ-ის უდიდეს მილსადენზე განხორციელებულ კიბერშეტევაში მონაწილეობას უარყოფს. მილსადენი მწყობრიდან ransomware-ის შეტევით გამოვიდა, რის გამოც კომპანია სრულ მომსახურებას კვირის ბოლომდე ვერ აღადგენს.

აშშ-ის საგამოძიებო ფედერალურმა ბიურომ (FBI) განაცხადა, რომ გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფი DarkSide, რომელიც, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, რუსეთშია დაფუძნებული.

ორშაბათს სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კრემლის მონაწილეობის შესახებ ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ აქვს, თუმცა ამ საკითხის უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან განხილვას აპირებს.

ბოსტონში დაფუძნებული კიბერ უსაფრთხოების კომპანია Cybereason-ის თანახმად, DarkSide არის “შედარებით ახალი გამოსასყიდი პროგრამა”, რომელიც პირველად 2020 წლის აგვისტოში გამოჩნდა.

გამოსასყიდი პროგრამა მიჰყვება “ორმაგი გამოძალვის ტენდენციას”, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფი არა მხოლოდ შიფრავს მომხმარებლის მონაცემებს, არამედ მოიპოვებს მას და ემუქრება საჯაროდ გამოქვეყნებით, თუ გამოსასყიდი არ იქნება გადახდილი.

ჯგუფი მილსადენზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს და აცხადებს, რომ არ აქვს ინტერესი “გეოპოლიტიკის” მიმართ - “ჩვენ ვართ აპოლიტიკური, არ ვმონაწილეობთ გეოპოლიტიკაში, არ ვართ კონკრეტულ მთავრობასთან დაკავშირებული”.