“ერთიანი რუსეთის” დეპუტატებმა სახელმწიფო დუმას კანონპროექტი წარუდგინეს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს სსრკ-ს მოქმედებების გერმანიის მოქმედებებთან გათანაბრებას კრძალავს.
ვლადიმირ პუტინმა შესაბამისი კანონპროექტის შემუშავება დეპუტატებს იანვარში დაავალა.
“თუ ზოგიერთ ქვეყანაში სომხების გენოციდის უარყოფისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელია გათვალისწინებული, ღმერთმა თავად მოგვცა ბრძანება, რომ გვქონდეს შესაბამისი მექანიზმები უახლოესი წარსულის დასაცავად”,- აცხადებს პუტინი.
კანონპროექტი კრძალავს სსრკ-ს ხელმძღვანელობის, აგრეთვე სარდლობისა და სამხედრო პერსონალის მიზნების, გადაწყვეტილებებისა და ქმედებების იდენტიფიცირებას ნაცისტური გერმანიისა და ჰიტლერის კოალიციის ქვეყნების მიზნებთან, გადაწყვეტილებებთან და მოქმედებებთან. გარდა ამისა, აიკრძალება “ნაცისტური გერმანიის დამარცხებასა და ევროპის გათავისუფლების დროს სსრკ-ს როლისა და მისიის უარყოფა”.
აკრძალვა შეეხება საჯარო გამოსვლებს, საჯაროდ ნაჩვენებ ნამუშევრებს, მედიასა და ინტერნეტში გამოქვეყნებულ მასალებს.
“ჩვენი პრინციპული პოზიციაა, დავაწესოთ საკანონმდებლო ბარიერი ჩვენი ბაბუების მიმართ აშკარა შეურაცხყოფისა და ჩვენი გამარჯვების შესახებ ამაზრზენი სპეკულაციების წინააღმდეგ. არ დავუშვებთ, პოლიტიკური კაპიტალის მოპოვებას ჩვენი წინაპრების გმობისთვის, მაგრამ შევინარჩუნებთ სივრცეს ისტორიული კვლევისა და სამეცნიერო დისკუსიებისთვის”,- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
სანქციების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის დაზუსტებული.