LIVE

გეიტსების განქორწინება $146 მილიარდიანი ქონების შესახებ კითხვებს აჩენს

04 მაი 202115:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 703
გეიტსების განქორწინება $146 მილიარდიანი ქონების შესახებ კითხვებს აჩენს
Bloomberg

ბილ და მელინდა გეიტსებმა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში აკონტროლებდნენ ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს სიმდიდრეს განქორწინებას გადაწყვიტეს.

ორშაბათს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ წყვილი 27 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორებას გეგმავს, ზეგავლენას მოახდენს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე, ბიზნესსა და უძრავი ქონების ფართო პორტფელზე, ისევე როგორც გლობალური ჯანდაცვის, კლიმატის ცვლილების პოლიტიკასა და სოციალურ საკითხებზე, ქალთა თანასწორობის ჩათვლით.

ეს მეორე განქორწინებაა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანებს შორის ბოლო წლების განმავლობაში, ჯეფ ბეზოსისა და მაკკენზი სკოტის 2019 წლის განქორწინების შემდეგ.

თუმცა, ბილ და მელინდა გეიტსებისთვის აქტივების გამიჯვნა პოტენციურად უფრო დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ვიდრე ბეზოსის სიმდიდრის გაყოფა წარმოადგენდა, რომელიც მეტწილად Amazon-ის აქციებში იყო კონცენტრირებული.

ბილ გეიტსის ქონებამ Microsoft-დან დაიწყო დაგროვება, მაგრამ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის წილები ახლა მისი აქტივების 20%-ზე ნაკლებს შეადგენს. ბილ გეიტსმა წლების განმავლობაში თავისი წილის დიდი ნაწილი ბილ და მელინდა გეიტსის ფონდში შეიტანა. მისი ზუსტი წილი არ გაცხადებულა მას შემდეგ, რაც მან გასულ წელს Microsoft-ის საბჭო დატოვა.

გეითსის ყველაზე დიდი აქტივს Cascade Investment-ი წარმოადგენს. ეს არის ჰოლდინგი, რომელიც მან Microsoft-ის აქციების გაყიდვებიდან და დივიდენდებიდან შექმნა, მას მაიკლ ლარსონი მართავს. Cascade-ის გავლით გეიტსს აქვს ინტერესები უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და მასპინძლობის მიმართულებით, ასევე წილი ათეულობით საზოგადოებრივ კომპანიაში, მათ შორის კანადის ეროვნული რკინიგზასა და Deere & Co-ში.

როგორც ბილ გეიტსის განცხადებაშია ნათქვამი, წყვილი მათ საერთო ფონდში თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს. ასევე ცნობილია, რომ ბილი და მელიდა გეიტსები არსებულ პოზიციებზე დარჩებიან და საქმიანობას ჩვეულებრივ გააგრძელებენ, თუმცა წყვილის ფონდთან და ოჯახის ოფისთან დაკავშირებით დიდი კითხვას წარმოადგენს ის, თუ რა დონემდე გეგმავენ ისინი ერთად მუშაობას. 

ვაშინგტონის კანონი შეიძლება გვთავაზობდეს გარკვეულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გაინაწილებენ გეიტსები მათ აქტივებს. ქორწინების დროს შეძენილი ქონება ორივე პარტნიორისთვის თანაბარ საკუთრებაში განიხილება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქონება შუაზე გაიყოფა.

”ეს არ არის სავალდებულო 50/50. სასამართლოს შეუძლია გადაწყვიტოს, იმისდა მიხედვით, თუ რა არის სამართლიანი”,- ამბობს ჯანეტ ჯორჯი, McKinley Irvin-ის ოჯახის ადვოკატი ვაშინგტონში.

მისივე თქმით, საზოგადოებამ შეიძლება ვერასდროს გაიგოს, თუ როგორ გაიყოფენ გეიტსები ქონებას, რადგან ეს შეიძლება იმალებოდეს კერძო კონტრაქტების მიღმა.

ვაშინგტონის შტატი განქორწინების შესახებ განაცხადის შემდეგ დალოდების 90-დღიან ვადას ითვალისწინებს, სანამ მოსამართლე პროცესს დაასრულებს. განქორწნების შესახებ განცხადება მელინდა გეიტსმა შეიტანა, მას შეუერთდა ბილ გეიტსიც. ორივე მათგანმა ხელი მოაწერა განქორწინების თხოვნას. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დინა ბასი და სოფი ალექსანდერი