LIVE

ევროკავშირი App Store-ის საკომისიოების გამო Apple-ს უჩივის

30 აპრ 202117:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 799
ევროკავშირი App Store-ის საკომისიოების გამო Apple-ს უჩივის
Michael Nagle/Bloomberg

Apple-მა ევროკავშირისგან აპლიკაციების გადახდის წესების შესახებ გაფრთხილება მიიღო. ამით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ანტიმონოპოლიური ორგანო სმარტფონებისა და ტაბლეტების ჩამოტვირთვის საფასურის გლობალურ ბრძოლაში ჩაერთო.

ევროკომისიამ პარასკევს Apple-ს ე.წ. საჩივრის განცხადება გაუგზავნა, რომლის თანახმად, Apple-მა ბოროტად გამოიყენა App Store-ში მუსიკის აპლიკაციების "მცველის" უფლებამოსილება. საქმე ეხება Spotify Technology-ს პრეტენზიებს, რომელიც Apple-ს სააბონენტო გადასახადის შემცირების მიზნით შიდა გადახდის სისტემის დაწესებაში ადანაშაულებს.

ეს ნაბიჯი ევროკავშირმა Epic Games-ის საჩივრის განხილვის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო. კომპანია ამტკიცებს, რომ Apple-ის სტანდარტული ტარიფი აშშ-ის ანტიმონოპოლიურ კანონებს არღვევს. Epic-მა, რომელიც ასევე ცდილობს Apple-ს დაუპირისპირდეს დიდ ბრიტანეთში, მხარდაჭერა Microsoft-ისა და სხვა პატარა დეველოპერებისგან მიიღო. 

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის კონკურენციის კომისარმა, მარგარეტ ვესტაგერმა განაცხადა, რომ "Apple-ის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება შეუმჩნეველი არ შეიძლება დარჩეს".

კომპანიის მიმართ მარეგულირებლის პრეტენზიები ბოლო თვეებში გააქტიურდა, რადგან პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები Apple-ისა და Google-ის მიერ გარე დეველოპერებისთვის ციფრული განაწილების პლატფორმის გამოყენებისთვის დაწესებულ გადასახადს აკრიტიკებენ. კომპანია ანტიმონოპოლიური შემოწმებას გადის დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა და რუსეთში.

Apple "ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში" დაადანაშაულეს სენატში გამართულ მოსმენაზეც.

Spotify-იმ 2019 წელს განაცხადა, რომ Apple უსამართლოდ ასუსტებს მუსიკის სერვისს მუდმივად ცვალებადი წესებითა და გაყიდვებზე მაღალი საკომისიოს დაწესებით. კომპანია ამტკიცებს, რომ იძულებული გახდა "ხელოვნურად" გაეზარდა ყოველთვიური გამოწერა პრემიუმ მომსახურებაზე დამატებითი ხარჯების დასაფარად.

Apple აცხადებს, რომ ევროკავშირის "არგუმენტი Spotify-ის სახელით სამართლიანი კონკურენციის საპირისპიროა" და "ამაყობს იმ როლით, რომელიც Spotify-ის უდიდეს მუსიკალურ სააბონენტო სერვისად გადაქცევაში ითამაშა".

Apple-მა 2020 წელს გაანახევრა გადასახადები, რომელიც ეკისრება იმ დეველოპერების უმეტესობას, რომლებიც App Store-ზე პროგრამულ უზრუნველყოფასა და მომსახურებას ყიდიან. 

Apple-ის წინააღმდეგ საჩივრის განცხადების გაგზავნა ზრდის რისკს, რომ ევროკავშირმა შესაძლოა დააწესოს ცვლილებები App Store-ში ან კომპანიას ჯარიმა დააკისროს. Apple-ს ექნება შესაძლებლობა, უარყოს ევროკავშირის ნებისმიერი ეჭვი, სანამ მარეგულირებელი ორგანოები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ევროკავშირი და Apple დამატებით განიხილავენ 13 მილიარდი ევროს ოდენობის საგადასახადო დავას მას შემდეგ, რაც კომპანიამ მოიგო პირველი სასამართლო ინსტანცია 2016 წლის მნიშვნელოვანი საგადასახადო ბრძანების გაუქმებით. ევროკავშირმა დაადგინა, რომ Apple-ის საგადასახადო გარიგება ირლანდიასთან უკანონო იყო. Apple კი ამტკიცებს, რომის ყოველთვის იცავს კანონს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აოიფ უაიტი