LIVE

ავსტრალია AstraZeneca-ს ვაქცინით 50 წლამდე პირების აცრას ერიდება

08 აპრ 202115:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 620
ავსტრალია AstraZeneca-ს ვაქცინით 50 წლამდე პირების აცრას ერიდება

ავსტრალიის მთავრობა 50 წლამდე პირებში AstraZeneca-ს Covid-19-ის ვაქცინით აცრას რეკომენდაციას არ უწევს. ამის მიზეზი ვაქცინასა და თრომბის განვითარებას შორის შესაძლო კავშირია. ამ ასაკის ჯგუფებში ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებას ამჯობინებს. 

ავსტრალიის ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივანი ბრენდან მერფი აღნიშნავს, რისკი მინიმალურია, მიუხედავად ამისა, ქვეყანა "ძალზე პრევენციულ ზომებს" მიმართვს.

ავსტრალიის მთავარი სამედიცინო ოფიცრის, პოლ კელის თქმით, 50 წლამდე პირებში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველ დოზას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, როდესაც აცრის სარგებელი რისკს მნიშვნელოვნად აჭარბებს. მან ასევე აღნიშნა, რომ პირები, რომლებაც ვაქცინის პირველი დოზა გართულების გარეშე მიიღეს, AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზითაც აიცრებიან. 

ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილება "ევროპის წამლის სააგენტოს" (EMAგანცხადებას ეფუძნება. ევროპულმა მარეგულირებელმა გუშინ დაადასტურა, რომ ვაქცინასა და თრომბის განვითარებას შორის კავშირი შესაძლოა, არსებობდეს. სააგენტო აცხადებს, რომ ბრიტანული ვაქცინით აცრის შემდეგ თრომბის იშვიათი შემთხვევა 25 მილიონი აცრილი ადამიანიდან მხოლოდ 86-ს განუვითარდა, შემთხვევების უმეტესობა 60 წლამდე ზრდასრულ ქალებზე მოდის.

სააგენტოს ბრიფინგის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ალტერნატიული ვაქცინის არსებობის შემთხვევაში, 30 წლამდე ასაკის პირებში AstraZeneca-ს გამოყენებას მხარს არ უჭერს.

"ევროპის წამლის სააგენტო" კვლავ აცხადებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების სარგებელი მის რისკებს აღემატება. 

გუშინ გვიან საღამოს EMA-ს განცხადების შემდეგ, ევროკავშირის ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის წევრებმა, სააგენტოსგან ვაქცინის გამოყენებასთან დაკაშირებით, უფრო ნათელი და დეტალური ინსტრუქცია ითხოვეს.  

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ვაქცინის გამოყენება რეკომენდებული 55 წელს ზემოთ ადამიანებისთვის გახდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ედვარდ ჯონსონი