საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარი ეკონომისტის და კვლევების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე, პიერ-ოლივიე გარინჩასს სილვია ტენრეირო ანაცვლებს.
პიერ-ოლივიე გარინჩასი, რომელიც ფონდში ამ პოზიციას 2022 წლიდან იკავებდა აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება. სწორედ ის ხელმძღვანელობდა ბოლო 4 წლის განმავლობაში IMF-ის საკვანძო ეკონომიკურ პუბლიკაციას, „მსოფლიოს ეკონომიკურ მიმოხილვას“ (World Economic Outlook), რომელიც ახლა ტენრეიროს დაქვემდებარებაში გადავა.
ჰარვარდის კურსდამთავრებული ტენრეირო, რომელიც ამჟამად ლონდონის ეკონომიკური სკოლის პროფესორია, ერთდროულად არგენტინის, იტალიის და ბრიტანეთის მოქალაქეა. ის ახალ პოზიციაზე საქმიანობას 10 აგვისტოდან შეუდგება.
"გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე ღრმა ტრანსფორმაციის და გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, სილვანას ინტელექტუალური ლიდერობის და გამოცდილების კომბინაცია უზრუნველყოფს, რომ ფონდის ანალიტიკური საქმიანობა, მრავალმხრივი ზედამხედველობა და პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციები კვლავ მაღალ დონეზე დარჩება ჩვენი წევრი ქვეყნების მხარდასაჭერად," განაცხადა სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ.
გარდა აკადემიური გამოცდილებისა, სავალუტო ფონდის ახალი მთავარი ეკონომისტი 2017-2023 წლებში იყო ინგლისის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გარე წევრი.