LIVE

მთავრობის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტიდან 3 წელი გავიდა - ანაკლიის კონსორციუმის განცხადება

09 იან 202316:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 507
მთავრობის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტიდან 3 წელი გავიდა - ანაკლიის კონსორციუმის განცხადება

საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტიდან სამი წელი გავიდა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში მთავრობას პროექტის განსახორციელებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

ADC-ის განცხადებით, ირონიულია რომ საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაუდო ვადების დაგვიანება, თავად კი სამი წლის განმავლობაში ვერ შეასრულა საკუთარი დაპირებები და დათქმული ვადები.

"ზუსტად სამი წლის წინ ამ დღეს, საქართველოს მთავრობამ არაკეთილსინდისიერად შეწყვიტა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული  საინვესტიციო ხელშეკრულება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან.“ ამ პორტს შეეძლო საქართველოს და მისი ეკონომიკის ტრანსფორმაცია, მთავრობას კი ამ სამი წლის მანძილზე, არაფერი გაუკეთებია ცრუ დაპირებების გარდა, თითქოს მხარს უჭერდეს ანაკლიის განვითარებას.

ამ სამმა წელმა ანაკლიის პორტთან მიმართებაში მოიტანა მხოლოდ სტაგნაცია და სიყალბე საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიას ეწეოდა პროექტის მთავარი ქართველი სპონსორების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის რეპუტაციისა და იურიდიული მდგომარეობის შესარყევად. ტენდერში ADC-ის გამარჯვების შემდეგ, ხუთი პრემიერმინისტრი გამოიცვალა, ყველა მათგანი მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და ყველა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებოდა.  

ანაკლიის პროექტი რომ განხორციელებულიყო თავდაპირველი გრაფიკით, პორტის 1 ფაზა ახლა უკვე იმუშავებდა, 900 000-მდე 20 ფუტიანი ტვირთის კონტეინერის (TEU) და 1,5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გამტარუნარიანობით (რაც ბევრად აღემატება ფოთის პორტის დღევანდელ გამტარუნარიანობას). საქართველო მიიღებდა უზარმაზარ ეკონომიკურ სარგებელს და აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობა ეფექტურად განხორციელდებოდა, რუსული გავლენის გვერდის ავლით.

ამ ყველაფერმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა გასულ წელს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, როდესაც უკრაინაში რუსეთის შეჭრამ აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის კიდევ უფრო აუცილებლად აქცია „შუა დერეფნის“ კონცეფცია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ სამი წლის მანძილზე ADC კეთილსინდისიერად მოქმედებდა. კოვიდ-პანდემიის საწყის ეტაპზე, ჩვენ დროებით გადავდეთ საარბიტრაჟო დავა და ამ დროის განმავლობაში არაერთხელ ვეცადეთ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკება, რომ მოგვეძებნა გზები პროექტის რელსებზე დასაბრუნებლად, რათა თავიდან აგვეცილებინა ხანგრძლივი არბიტრაჟი. მთავრობას მუდმივად ვთავაზობდით დახმარებას პროექტისთვის ახალი ინვესტორებისა და დაფინანსების მოძიებაში.

ის, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ტენდერიც კი არ გამოცხადებულა ჯერ, არათუ დაწყებულა პროექტი, იმის ნათელი დასტურია, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს რეალური სურვილი, ანაკლია განვითარდეს",- აღნიშნულია კონსორციუმის განცხადებაში.

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო. 

2022 წლის 12 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება და 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება.