ილონ მასკის ქონება, დიდი ალბათობით, ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს, მას შემდეგ, რაც მისი კოსმოსური კომპანიის SpaceX-ის აქციები საჯაროდ განთავსდება ბირჟაზე.
კომპანიის მიერ განახლებული განთავსების პროსპექტუსი მოწმობს, რომ ილონ მასკი კომპანიაში 866 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებს ფლობს. რასაც ემატება მისი 350 მილიარდ დოლარად შეფასებული წილი Tesla-ში.
შესაბამისად, მსოფლიოს ისედაც უმდიდრეს ადამიანს მსოფლიოს პირველ ტრილიონერობამდეც ბევრიც აღარ დარჩა - სულ რაღაც ერთი კვირა, რამდენადაც აქციების განთავსება 12 ივნისს იგეგმება.
ჯერ კიდევ ყველაზე მდიდარი მილიარდერი SpaceX-ის თითო აქციის განთავსებას 135 დოლარად გეგმავს, რაც კომპანიის ღირებულებას ჯამში ტრილიონ 800 მილიარდ დოლარამდე გაზრდის.
54 წლის მასკისთვის SpaceX-ის აქციების საჯარო განთავსება, Tesla-ს აქციების განთავსებიდან 16-წლის შემდეგ - რიგით მეორე იქნება.
მისი ქონება სტაბილურად იზრდებოდა ბოლო ათი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი 2013 წლის შემდეგ, როცა ტესლას აქციების ფასმა აღმასვლა დაიწყო, ამის შემდეგ იყო დაღმასვლის პერიოდიც, თუმცა საბოლოოდ, მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი პირველად 2021 წელს გახდა, როცა Amazon-ს და ჯეფ ბეზოსს გაუსწრო.
ბლუმბერგის თანახმად, ამ დროისთვის მსოფლიოს უმდიდრეს მასკს 726 მილიარდი დოლარის ქონება აქვს, რაც ორჯერ და მეტჯერ აღემატება უმდიდრესებში რიგით მეორის - გუგლის დამფუძნებლის, ლარი პეიჯის 306 მილიარდს.