LIVE

იანვარში კონკურენციის სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევაზე 60 განაცხადი შევიდა

05 თებ 202413:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 527
იანვარში კონკურენციის სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევაზე 60 განაცხადი შევიდა

2024 წლის იანვარში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, მომხმარებელთა უფლებების დარღვევაზე 60 განაცხადი შევიდა.

სააგენტოს ინფორმაციით, გასულ თვეში მათი გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 2 მოვაჭრეს, 1 200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 საქმეზე - 13 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

სააგენტოში შესული განაცხადების 73% ონლაინ ვაჭრობას ეხებოდა, ხოლო 27% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას.

რეგიონების მიხედვით 92%-ით თბილისი ლიდერობდა, შემდეგ იყო ქვემო ქართლი - 4%, შიდა ქართლი - 2% და გურია - 2%.

„მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე დაფიქსირდა 17, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 14, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე 14, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 6, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 4, ხოლო სხვა დანარჩენი 5“, - აცხადებენ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში.

მათივე განმარტებით, საანგარიშო პერიოდში შესული განაცხადების მიხედვით, 76% საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორს მოიცავდა, 13% - ტრანსპორტი და დასაწყობებას, 2% ხელოვნება, გართობა და დასვენებას, 2% ჯანდაცვა და სოციალურ მომსახურებას, ხოლო 7% სხვა სახის საქმიანობას.