LIVE

Apple-მა ფიზიკურ მაღაზიებში $3 499-იანი Vision Pro-ს გაყიდვები დაიწყო

04 თებ 202414:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 927
Apple-მა ფიზიკურ მაღაზიებში $3 499-იანი Vision Pro-ს გაყიდვები დაიწყო

აშშ-ში Apple-ის მაღაზიებთან ერთგული მომხმარებლების რიგები მას შემდეგ დადგა, რაც Vision Pro გაყიდვაში ჩაეშვა. კომპანიამ თავისი პირველი, $3 499-იანი ვირტუალური რეალობის (VR) ჰედსეტების გაყიდვა 19 იანვარს ონლაინ, ხოლო მაღაზიებში 2 თებერვალს დაიწყო.

ნიუ-იორკში, მანჰეტენის მე-5 ავენიუზე მდებარე Apple-ის მაღაზიაში მომხმარებლებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ კუკი მიესალმა. მან Vision Pro-ს დებიუტი კომპანიის სხვა საკულტო მოწყობილობების, Mac-ის, iPod-ისა და iPhone-ის გამოსვლას შეადარა.

„Apple Vision Pro აერთიანებს ათასობით ინოვაციას, რომელიც ქმნის ისეთ პროდუქტს, როგორიც მსოფლიოს არასდროს უნახავს“- აღნიშნა კუკმა თავის მიმართვაში.

Vision Pro-ს ფიზიკურ მაღაზიებში გაყიდვის პროცესი, წინა პროდუქტებთან შედარებით განსხვავებულია. აშშ-ში კომპანიის დიდ მაღაზიებში მოწყობილია სპეციალური კუთხე, ხალიჩებითა და სავარძლებით, სადაც მომხმარებლები 20-25 წუთის განმავლობაში შეუძლიათ ჰედსეტის მორგება და დატესტვა. ახალი პროდუქტის გასაყიდად შესაბამისი გადამზადება გაიარეს მაღაზიის თანამშრომლებმაც.

ანალიტიკოსების შეფასებით, წინასწარი შეკვეთის პერიოდში, რომელიც იანვრის შუა რიცხვებში დაიწყო, Apple-მა 180 000 ერთეული გაყიდა. ეს ჯამში კომპანიისთვის $600 მილიონზე მეტის შემოსავალს ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ Vision Pro-ს რეალიზება მხოლოდ აშშ-ში დაიწყო და პირველ წელს 900 000 ერთეულის გაყიდვას იმედოვნებს. მასშტაბების გასაზრდელად კი უკვე მუშაობს ჰედსეტის იაფ ვერსიასა და კიდევ უფრო მაღალი დონის მოდელზე. 2024 წლის ბოლომდე უნდა ველოდოთ მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფის - visionOS-ის განახლებასაც.