Apple თავისი პირველ ვირტუალური რეალობის (VR) ჰედსეტის, Vision Pro-ს გაყიდვას 2 თებერვლიდან დაიწყებს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება თავად კომპანიამ გააკეთა.
Apple-ის განცხადებით, პროდუქციის წინასწარ შეკვეთა ოფიციალური საიტიდან შესაძლებელი იქნება 19 იანვრიდან, ფასი კი $3 499-ია.
„Apple Vision Pro ყველა დროის ყველაზე მოწინავე სამომხმარებლო ელექტრონული მოწყობილობაა. მისი რევოლუციური ინტერფეისი ახლებურად განსაზღვრავს ჩვენს გამოცდილებებს“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა.
კომპანია ამ კვირაში შეხვედრებს ატარებს თავისი მაღაზიების ასობით თანამშრომელთან, რომლებიც ისწავლიან, თუ როგორ უნდა მოარგონ პოტენციურ კლიენტებს ჰედსეტები ისე, რომ მათ ზედმეტი სიმძიმე არ იგრძნონ; ასევე როგორ უნდა აუხსნან კლიენტებს დამატებითი ლინზებისა და სინათლის დამხშობის მოხმარება, რომლებიც არასავალდებულო, თუმცა სასურველი აქსესუარებია საუკეთესო გამოცდილების მისაღებად.
Vision Pro კომპანიის პირველი ნაბიჯია ჯერ კიდევ ახალ, VR სამყაროში. მართალია, ბაზარზე უკვე დიდი ხანია წარმატებით იყიდება კონკურენტი Meta-სა და Microsoft-ის მსგავსი მოწყობილობები, თუმცა კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მათი ჰედსეტი ისეთივე ეფექტს მოახდენს, როგორიც ეს თავის დროზე Apple-ის სხვა პროდუქტებმა შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Apple Vision Pro-ს რეალიზებას მხოლოდ აშშ-ში იწყებს და პირველ წელს 900 000 ერთეულის გაყიდვას იმედოვნებს. მასშტაბების გასაზრდელად კი უკვე მუშაობს ჰედსეტის იაფ ვერსიასა და კიდევ უფრო მაღალი დონის მოდელზე. 2024 წლის ბოლომდე უნდა ველოდოთ მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფის - visionOS-ის განახლებასაც.