LIVE

ერდოღანმა თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალ ხელმძღვანელად ფათიჰ კარაჰანი დაასახელა

03 თებ 202415:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 400
ერდოღანმა თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალ ხელმძღვანელად ფათიჰ კარაჰანი დაასახელა
Central Bank of the Republic of Turkey

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის ახალ ხელმძღვანელად ფათიჰ კარაჰანი დაასახელა. ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თურქეთის ცენტრალური ბანკის მეექვსე ხელმძღვანელი იქნება.

კარაჰანი მანამდე ბანკის ყოფილი დირექტორის, ჰაფიზე გაიე ერკანის, მოადგილედ მუშაობდა. ის ივლისიდან ცენტრალური ბანკის განაკვეთების დადგენის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო, იქამდე კი ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკსა და Amazon-ში მუშაობდა. 

ჰაფიზე გაიე ერკანმა თანამდებობა მოულოდნელად გუშინ გვიან ღამით დატოვა. მან პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მის წინააღმდეგ  რეპუტაციის შელახვის მასშტაბური კამპანია მიმდინარეობდა და გადადგომით საკუთარი ოჯახის, მათ შორის, შვილის დაცვა სურდა. 

ადგილობრივ მედიაში სკანდალი მას შემდეგ ატყდა, რაც გავრცელდა ბრალდებები, რომ ერკანის მამა ცენტრალური ბანკის საქმეებში ერეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ბანკში ოფიციალურად არ მუშაობს. ერკანმა ბრალდებები უარყო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერკანი ცენტრალური ბანკის დირექტორად გასული წლის ზაფხულში დანიშნა. ის ბანკის ისტორიაში პირველი ხელმძღვანელი ქალია. 

ოფიციალური პირების განცხადებით, ერკანის გადადგომა მისი პერსონალური გადაწყვეტილებაა და ეს ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებაზე არ მიანიშნებს. 

თურქეთის დაბალი განაკვეთების პოლიტიკა მას შემდეგ დასრულდა, რაც პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ ერდოღანმა ახალი ეკონომიკური გუნდი - ფინანსთა მინისტრად მეჰმეთ სიმსეკი, ხოლო ცენტრალური ბანკის დირექტორად კი, ჰაფიზე გაიე ერკანი დანიშნა.