ილონ მასკის სტარტაპ კომპანიამ, Neuralink-მა ადამიანს ჩიპის სახით, ტვინის იმპლანტი პირველად გადაუნერგა. ამის შესახებ თავად მასკი X-ზე გამოქვეყნებული პოსტით იტყობინება.
ილონ მასკის განცხადებით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და პროცედურის საწყისი შედეგები დამაიმედებელია.
The first human received an implant from @Neuralink yesterday and is recovering well.
Initial results show promising neuron spike detection.
ცნობილი მილიარდერის კომპანიას სურს ადამიანებს, ტვინებით კომპიუტერთან დაკავშირებით, მხედველობისა და მოძრაობის უნარის აღდგენაში დაეხმაროს.
Neuralink-მა თავდაპირველად, ხანგრძლივი კვლევა ცხოველებზე ჩაატარა. ცდების ფარგლებში, მაიმუნებმა კომპიუტერული თამაშების გონებით მართვა შეძლეს. კომპანიამ ადამიანებზე ცდების ჩატარების უფლება კი აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციისგან (FDA) გასულ წელს მიიღო.
„ჩიპი საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ თქვენი ტელეფონი და კომპიუტერი ან სხვა ნებისმიერი მოწყობილობა მხოლოდ ფიქრების საშუალებით. წარმოიდგინეთ, სტივენ ჰოპკინს უფრო სწრაფად კომუნიკაცია რომ შესძლებოდა, ვიდრე საბეჭდი მოწყობილობით. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი“, - წერს მასკი.
ადამიანებზე პირველი ცდების ფარგლებში, მონაწილეობას 10-მდე პაციენტი მიიღებს და პროცესი 6 თვეს გაგრძელდება. წარმატებით გაგრძელების შემთხვევაში, კომპანია კვლევის შემდეგ ეტაპებზე გადავა. გასულ წელს Neuralink-მა განაცხადა, რომ 2024 წელს ჯამში 11 ოპერაციას ჩაატარებს.