LIVE

YouTube და Spotify Apple-ის VR მოწყობილობისთვის ახალ აპლიკაციებს არ შექმნიან

21 იან 202414:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 273
YouTube და Spotify Apple-ის VR მოწყობილობისთვის ახალ აპლიკაციებს არ შექმნიან

Google-ის მფლობელობაში არსებული ვიდეოსა და მუსიკის უმსხვილესი პლატფორმები, YouTube და Spotify, Apple-ის ვირტუალური რეალობის(VR) ჰედსეტისთვის, Vision Pro-თვის ახალ აპლიკაციებს არ შექმნიან.

მოწყობილობაზე მორგებული, სპეციალური აპლიკაციის შექმნაზე უარი განაცხადა ფილმებისა და სერიალების უმსხვილესმა პლატფორმა Netflix-მაც. კომპანიის წარმომადგენლები ნაცვლად ახალი აპლიკაციისა, Vision Pro-ს მომავალ მომხმარებლებს ვებსაიტის ბრაუზერიდან წვდომის ალტერნატივას სთავაზობენ.

„YouTube-ის მომხმარებლები Vision Pro-დან აპლიკაციაზე წვდომას Safari-ს ბრაუზერიდან შეძლებენ“, - განაცხადა YouTube-ის წარმომადგენელმა.

Apple-ის ახალ პროდუქტს, Vision Pro-ს, რომელიც გაყიდვაში 2 თებერვლიდან ჩაეშვება, დამოუკიდებელი პროგრამული უზრუნველყოფა - visionOS-ი აქვს. მოწყობილობაზე იმუშავებს Apple Music-ის ახალი აპლიკაცია, რომელიც Spotify-ს უწევს კონკურენციას. თუმცა სხვა უმსხვილესი სტრიმინგ პლატფორმების უარი შესაძლოა, დამაზიანებელი იყოს ახალი პროდუქტის ბაზარზე დამკვიდრების პროცესში. ეს კი მაშინ, როდესაც მისი ფასი - $3 499 - საშუალოზე მაღალ ნიშნულს აღემატება.

YouTube-ი ერთ-ერთი პირველი იყო 2010 წელს, როდესაც Apple-ის ახალი პროდუქტისთვის, iPad-თვის მორგებული აპლიკაცია შექმნა. Vision Pro-თან მიმართებით კომპანია არ გამორიცხავს მომავალ თანამშრომლობას, თუმცა ამ ეტაპზე უარის თქმის მიზეზებზე არ საუბრობს.

სხვა გასართობი სტრიმინგ პლატფორმები როგორებიცაა, Disney+, Max, Peacock, ESPN and Amazon Prime Video, ხელმისაწვდომი იქნება Vision Pro-ს App Store-ში. Apple-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ იმასაც, რომ მის ჰედსეტს 1 მილიონ აპლიკაციაზე მეტის მხარდაჭერა ექნება.

გასულ კვირას Vision Pro-ს მიმართულების აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ ჯანდაცვა და განათლება, დროთა განმავლობაში პროდუქტის გამოყენების ძირითადი მიმართულებები გახდება.

ცნობისთვის, Vision Pro კომპანიის პირველი ნაბიჯია ჯერ კიდევ ახალ, VR სამყაროში. მართალია, ბაზარზე უკვე დიდი ხანია წარმატებით იყიდება კონკურენტი Meta-სა და Microsoft-ის მსგავსი მოწყობილობები, თუმცა კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მათი ჰედსეტი ისეთივე ეფექტს მოახდენს, როგორიც ეს თავის დროზე Apple-ის სხვა პროდუქტებმა შეძლეს.