LIVE

Apple ვირტუალური რეალობის ჰედსეტს, Vision Pro-ს თებერვალში გამოუშვებს

23 დეკ 202311:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 277
Apple ვირტუალური რეალობის ჰედსეტს, Vision Pro-ს თებერვალში გამოუშვებს

კომპანია Apple თავის პირველ ვირტუალური რეალობის (VR) ჰედსეტს, რომელიც ოფიციალურად ივნისში წარადგინა, თებერვლიდან გაყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება, რამდენადაც კომპანია გამოშვების ზუსტ თარიღზე კომენტარს არ აკეთებს.

როგორც ირკვევა, რამდენიმე კვირაა, რაც ჩინეთში პროდუქციის წარმოება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. გარდა ამისა, კომპანიამ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს შეატყობინა, რომ „მზად იყვნენ“ ახალ მოწყობილობაზე თავიანთი აპლიკაციების დასატესტად და შესაბამისი უკუკავშირის დასაბრუნებლად.

ახალი პროდუქტის გამოშვება Apple-სთვის გამოწვევებით სავსე პროცესი იქნება, რამდენადაც ეს გაყიდვების სრულიად ახალ სტრატეგიას მოითხოვს. სწორედ ამიტომ Apple აშშ-ს მასშტაბით ყველა მაღაზიიდან, სულ მცირე 2 თანამშრომელს სათავო ოფისში ტრენინგებისთვის იწვევს. ორდღიანი სესიები, სავარაუდოდ, იანვრის პირველ კვირაში ჩატარდება. თვის ბოლომდე კი ეს კონკრეტული თანამშრომლები სხვა კონსულტანტებსაც გაუზიარებენ ცოდნას.

როგორც ცნობილია, თანამშრომლები ისწავლიან, თუ როგორ უნდა მოარგონ პოტენციურ კლიენტებს ჰედსეტები ისე, რომ მათ ზედმეტი სიმძიმე არ იგრძნონ; ასევე როგორ უნდა აუხსნან კლიენტებს დამატებითი ლიზნებისა და სინათლის დამხშობის მოხმარება, რომლებიც არასავალდებულო, თუმცა სასურველი აქსესუარებია საუკეთესო გამოცდილების მისაღებად.

გასაკვირის არაა, რომ კომპანია მთელს ძალისხმევას დებს საუკეთესო პირველი შთაბეჭდილების შესაქმნელად. ერთი მხრივ იმიტომ, რომ Vison Pro ბაზარზე მაღალი ფასით - $3 500-ით შედის, მეორე მხრივ კი მისი წონა და ბატარეა, რომელიც მხოლოდ 2 საათს ძლებს, ზოგიერთისთვის არასასიამოვნო გამოცდილება აღმოჩნდა.

Apple-სთვის გამოწვევაა Vision Pro-ს სწრაფად წარმოებაც. იმ შემთხვევაში თუ გაყიდვების დაწყებიდან მალავე მარაგები ამოიწურება, კომპანია დახლების შევსებას რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. მოწყობილობა აღჭურვილია ორი ულტრამაღალი გარჩევადობის დისპლეით, ორი პროცესორითა და ათეულობით გარე კამერით. ყველა ეს კომპონენტი კი თავსდება კომპაქტურ და დახვეწილ დიზაინში, რომლის აწყობის პროცესი შეცდომების დაშვების უფლებას არ იძლევა.

Vision Pro კომპანიის პირველი ნაბიჯია ჯერ კიდევ ახალ, VR სამყაროში. მართალია, ბაზარზე უკვე დიდი ხანია წარმატებით იყიდება კონკურენტი Meta-სა და Microsoft-ის მსგავსი მოწყობილობები, თუმცა კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მათი ჰედსეტი ისეთივე ეფექტს მოახდენს, როგორიც ეს თავის დროზე Apple-ის სხვა პროდუქტებმა შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Apple Vision Pro-ს რეალიზებას მხოლოდ აშშ-ში იწყებს და პირველ წელს 900 000 ერთეულის გაყიდვას იმედოვნებს. მასშტაბების გასაზრდელად კი უკვე მუშაობს ჰედსეტის იაფ ვერსიასა და კიდევ უფრო მაღალი დონის მოდელზე. 2024 წლის ბოლომდე უნდა ველოდოთ მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფის - visionOS-ის განახლებასაც.