LIVE

5 უმდიდრესი ადამიანის ქონება 2020 წლის შემდეგ გაორმაგდა - Oxfam

16 იან 202413:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 795
5 უმდიდრესი ადამიანის ქონება 2020 წლის შემდეგ გაორმაგდა - Oxfam

ბრიტანული ორგანიზაციის Oxfam-ის ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიოს 5 უმდიდრესი ადამიანის ქონება 2020 წლის შემდეგ 114%-ით გაიზარდა. ამის პარალელურად, 5 მილიარდი ადამიანი უფრო გაღარიბდა.

მსოფლიოს ხუთი უმდიდრესი ადამიანის - ილონ მასკის, ბერნარ არნოს, ჯეფ ბეზოსის, ლარი ელისონისა და უორენ ბაფეტის ქონება გასულ წელს $464 მილიარდით გაიზარდა და ჯამში $869 მილიარდი შეადგინა.

Oxfam-ის კვლევის თანახმად, რომელიც Forbes-ის მონაცემებს ეყრდნობა, ხუთი უმდიდრესი ადამიანის ქონება ბოლო 3 წელიწადში ასე შეიცვალა:

  • Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკის ქონება 737%-ით, $245,5 მილიარდამდე გაიზარდა;
  • ფრანგული ფუფუნების გიგანტის LVMH-ის მმართველის, ბერნარ არნოსა და მისი ოჯახის ქონება 111%-ით გაიზარდა და $191,3 მილიარდს შეადგენს;
  • Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება $167,4 მილიარდს შეადგენს, რაც 3 წელიწადში 24%-იანი ზრდაა;
  • Oracle-ის დამფუძნებლის, ლარი ელისონის ქონებამ 145,5 მილიარდს მიაღწია, რაც 107%-ით გაზრდილი მაჩვენებელია;
  • Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორის, უორენ ბაფეტის ქონება 48%-ით გაიზარდა და $119,2 მილიარდია.

ახალი შეფასებით, 148 წამყვანმა კორპორაციამ 2023 წლის ივნისამდე, 12 თვეში, $1,8 ტრილიონის მოგება დააგროვა, რაც 3-წლიან საშუალო მაჩვენებელს 52%-ით აღემატება. შედეგად, სოლიდური შემოსავლები მიიღეს აქციონერებმა მაშინ, როდესაც მილიონობით დასაქმებულის ხელფასები, ინფლაციის ფონზე, საარსებო მინიმუმს გაუტოლდა.

უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, Oxfam-ი მთავრობებს კორპორაციული ძალაუფლების ისეთი გზებით შეზღუდვისკენ მოუწოდებს, როგორებიცაა ანტიმონოპოლიური ღონისძიებების გატარება, ჭარბ მოგებაზე გადასახადების დაწესება და სხვა.