სამხრეთ კორეის მთავრობამ ჩიპების წარმოების ჰაბის ჩამოყალიბების 20-წლიანი გეგმა წარადგინა. სტრატეგია კერძო სექტორის მხრიდან 622 ტრილიონი ვონის ($471 მილიარდი) ინვესტირებას გულისხმობს.
უფრო ზუსტად, 2047 წლამდე ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, Samsung Electronics-ი და SK Hynix-ი 13 ახალ საწარმოს და 3 კვლევით ობიექტს ააშენებენ. 21 არსებულ ქარხანასთან ერთად, კიონგიდოს პროვინციაში, ქალაქ ფიონტეკიდან იონინიმდე მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ჩიპების წარმოების ჰაბი ჩამოყალიბდება. ნავარაუდევია, რომ ჰაბის წარმოება 2030 წლისთვის, თვეში 7.7 მილიონ ჩიპს მიაღწევს.
სამხრეთ კორეა ადგილობრივი მიწოდების გაძლიერებასთან ერთად, მსოფლიო ასპარეზზე გაძლიერებას ისახავს მიზნად. ქვეყანა 2030 წლამდე ბაზრის გლობალური წილის 3%-დან 10%-მდე გაზრდას გეგმავს. ინვესტიციების მოზიდვის გარდა, სამხრეთ კორეა, სექტორს საგადასახადო შეღავათების შეთავაზებით უწყობს ხელს.
სამხრეთ კორეამ Samsung-სა და Hynix-ის თანამონაწილეობით ჩიპების წარმოების უფრო მცირე მასშტაბის საინვესტიციო გეგმა გასულ წელს წარადგინა. ჩიპების ქვეყნის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 16%-ს შეადგენს.