LIVE

Pfizer-ი კორონავირუსის სამკურნალო აბების ადამიანებზე გამოცდას იწყებს

24 მარ 202121:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1139
Pfizer-ი კორონავირუსის სამკურნალო აბების ადამიანებზე გამოცდას იწყებს
Bloomberg

Pfizer-ი აცხადებს, რომ კორონავირუსის სამკურნალო აბების ადამიანებზე ტესტირება დაიწყო. თუ ცდები წარმატებული აღმოჩნდება, შესაძლოა, მედიკამენტი ინფექციის ადრეულ ეტაპზე, დაავადების ნიშნების გამოვლენის დროს დაინიშნოს. 

კომპანიის განცხადებით, მედიკამენტი ეფექტიანობას კორონავირუსის არაერთი შტამის შემთხვევაში შეინარჩუნებს.

”იმის გათვალისწინებით, რომ SARS-CoV-2 მუტაციას განიცდის და Covid-19-ის გავლენა გლობალურად გრძელდება, როგორც ჩანს, სამომავლოდ და ახლაც თერაპიულ საშუალებებზე წვდომა კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, - ამბობს მიკაელ დოლსტენი, Pfizer-ის მთავარი სამეცნიერო ოფიცერი.

მისივე თქმით, ცდები წარმატებით მიმდინარეობს და ამ ეტაპზე, გაუთვალისწინებელ პრობლემას ადგილი არ ჰქონია. კომპანია კვლევის პირველი ეტაპის შედეგებს, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში შეაჯამებს და კვლევა შემდეგ ეტაპზე გადავა. ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შესაძლოა, კომპანიამ მარეგულირებელს წამლის ავტორიზაციის მიზნით, წლის ბოლოსთვის მიმართოს. 

ეს რიგით მეორე შემთხვევაა, როდესაც ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი Covid-19-ის სამკურნალოდ კვლევებში პროტეაზის ინჰიბიტორს რთავს. კომპანია ჰოსპიტალში მყოფ ინფიცირებულ პაციენტებში სხვა ინტრავენული პრეპარატის ტესტირებასაც აწარმოებს.

მსხვილი წამყვანი ფარმაცევტული კომპანიებიდან, კორონავირუსის სამკურნალო აბებს ადამიანებზე კიდევ ერთი ამერიკელი მწარმოებელი, Merck & Co იკვლევს. თუმცა მისი ექსპერიმენტული მედიკამენტი "მოლნუპირავირი", რომელიც ცდის ბოლო ეტაპზეა, Pfizer-ის აბებისგან განსხვავებული მექანიზმით მუშაობს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რობერტ ლანგრეტი