LIVE

არასაყოფაცხოვრებო წყლის ტარიფები გაიზარდა - სემეკის გადაწყვეტილება

28 დეკ 202313:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 277
არასაყოფაცხოვრებო წყლის ტარიფები გაიზარდა - სემეკის გადაწყვეტილება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“  წყალმომარაგების არასაყოფაცხოვრებო ტარიფები გაიზარდა.

სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა 8.807 ლარი/კუბ.მ-ით, ხოლო ქ რუსთავში - 6.500 ლარი/ კუბ.მ-ით. 

უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო ტარიფები როგორც უმრიცხველო მომხმარებლებისთვის, რომლებიც გადასახადს სულადობრივად იხდიან, ასევე გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავი წყლის“ შერწყმის შედეგად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ლიცენზიაში შესული ცვლილებების შესაბამისად, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები გავრცელდება თბილისის, მცხეთისა და რუსთავის აბონენტებზე.  

სემეკის განცხადებით, ტარიფების ზრდა კომპანიის მიერ დაგეგმილ ინვესტიციას უკავშირდება.  

"წყალმომარაგების ტარიფების ცვლილება განპირობებულია ქ. თბილისში, ქ. მცხეთასა და ქ. რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების აუცილებლობით. ამ მიზნით, სემეკმა შეითანხმა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2024-2026 წლებში განსახორციელებელი 363,868,823 ლარის მოცულობის ინვესტიცია.  მათ შორის,  სემეკთან შეთანხმებული გეგმების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში  317,897,722 ლარის, ხოლო  ქ. რუსთავში - 45,971,101 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საინვესტიციო პროექტების მიზნობრიობას წარმოადგენს სასმელი წყლის უწყვეტობის, მიწოდების საიმედოობისა და ხარისხის გაუმჯობესება", - ნათქვამია სემეკის განცხადებაში. 

ახალი ტარიფების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.

წყლის ტარიფის სამწლიანი ვადა 31 დეკემბერს იწურება. სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილებით, წყლის ტარიფი ძალაში მომდევნო სამი წლის განმავლობაში დარჩება.