LIVE

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები ინიშნება - აეროპორტების გაერთიანება

25 დეკ 202316:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 277
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები ინიშნება - აეროპორტების გაერთიანება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2024 წლის აპრილიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 ავტობუსი მოემსახურება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება დღგ-ის გარეშე 1 383 408 ლარს შეადგენს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ავტობუსები იქნება შატლის ტიპის, განკუთვნილი მხოლოდ ქალაქის ცენტრამდე აეროპორტის მგზავრის გადაყვანისთვის და პირიქით. ირაკლი ქარქაშაძის თქმით, ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე მაქსიმალურად იქნება მორგებული.

"მომავალი წლის პირველი ნახევრიდან, მას შემდეგ რაც დასრულდება ტენდერი და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას გავაფორმებთ, ქუთაისიდან აეროპორტამდე და პირიქით, ივლის ჩვენ მიერ დანიშნული ოფიციალური შატლის ტიპის ავტობუსები. ეს არ იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. იქნება კონკრეტულად აეროპორტიდან ქალაქამდე და პირიქით, მგზავრის გადაადგილებისთვის საჭირო შატლი, რომელსაც შესაბამისი ბრენდინგი ექნება და მითითებული იქნება ადგილი, საიდანაც ქალაქიდან აეროპორტამდე ავტობუსები მგზავრებს მოემსახურებიან", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებული სატენდერო აუცილებელი მოთხოვნების თანახმად, შემოთავაზებული ავტობუსები უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.