LIVE

10 თვეში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა - საქსტატი

30 ნოე 202311:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 371

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-ოქტომბრის საშუალო რეალური ზრდა 6.9% იყო.

ოქტომბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი, ტრანსპორტი და დასაწყობება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სფეროში.  

საქსტატის თანახმად, 2023 წლის პირველ 10 თვეში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 12.5%-ით, ხოლო იმპორტი - 17.8%-ით.

საქართველოში მხოლოდ ოქტომბერში, 6 364 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.8%-ით შემცირდა.  

ოქტომბერში, წლიურად 6%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 12 მლრდ 260 მლნ ლარს გაუტოლდა. 

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში საქართველოს მთავრობამ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 6.5%-მდე გაზარდა. აგვისტოში კი პროგნოზი 1 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა ეროვნულმა ბანკმა. სებ-ი ელის, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკა 6%-მდე გაიზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 6.2%-მდე ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზრდება. 6%-იან ზრდას ელის აზიის განვითარების ბანკი (ADB). ასევე 6%-მდე გაზარდა 2023 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD). 5.9%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს მსოფლიო ბანკი.