LIVE

მსოფლიო ბანკმა 2023 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.9%-მდე გაზარდა

06 ოქტ 202310:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 428
მსოფლიო ბანკმა 2023 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.9%-მდე გაზარდა

სამომხმარებლო დანახარჯებისა და ინვესტიციების მდგრადობის შენარჩუნების ხარჯზე, მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.5 პროცენტული პუნქტით 5.9%-მდე გაზარდა. ამის შესახებ საუბარია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკურ მიმოხილვაში.

ამასთან, მსოფლიო ბანკი 2024-ის პროგნოზს 0.2% პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის პროგნოზს 0.5 პროცენტული პუნქტით ამცირებს. ანგარიშის თანახმად, მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით, 2025 წელს კი 4.5%-ით გაიზრდება. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ 2023 წლის მეორე კვარტალში სწრაფი ეკონომიკური ზრდის იმპულსი შეინარჩუნა და გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით პროდუქციის გამოშვება 7.5%-ით გაიზარდა. 

მსოფლიო ბანკი მოელის, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იქნება და ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად, მონეტარული პოლიტიკა შემსუბუქდება. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ინფლაციის მაჩვენებელი 2.3%, 2024 წელს - 2.5%, 2025 წელს კი 3% იქნება. 

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს სომხეთი და საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები იყვნენ ზედიზედ უკვე მეორედ.

ექსპორტი მნიშვნელოვნად იზრდებოდა სამხრეთ კავკასიაში, ხოლო ავტომობილების რეექსპორტის ბუმი საქართველოში ექსპორტის ორნიშნა ზრდას განაპირობებდა მიუხედავად ნედლი ლითონების ექსპორტის შემცირებისა, რაც გლობალური ფასების კლებას მოჰყვა. ფულადი გზავნილების შემოდინება ბოლო თვეებში შემცირდა, მაგრამ სტაბილურობას ინარჩუნებდა.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ლიდერობენ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში დეფლაციის თვალსაზრისით. სურსათის და ენერგომატარებლების იმპორტის ფასების მკვეთრი შემცირება, რასაც დაემატა ადგილობრივი ვალუტის გამყარება, ინფლაციის დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.

სამომავლო პერსპექტივაზე გავლენა შეიძლება იქონიოს სხვადასხვა ნეგატიურმა რისკმა, მათ შორის, რუსეთიდან ფულადი ნაკადებისა და გზავნილების შენელებამ, გლობალური ეკონომიკური ზრდის შესუსტებამ, რეექსპორტის შემდგომმა შეზღუდვამ და ფინანსური პირობების მოსალოდნელზე გაცილებით ხანგრძლივმა გამკაცრებამ.