LIVE

ილონ მასკის X-მა Media Matters-ს უჩივლა

21 ნოე 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 338
ილონ მასკის X-მა Media Matters-ს უჩივლა

ილონ მასკის X (ყოფილი Twitter) სადამკვირვებლო ჯგუფ Media Matters-ს უჩივის და ამტკიცებს, რომ მისმა ანგარიშმა სოციალური მედიის პლატფორმას შეურაცხყოფა მიაყენა. 

ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ წამყვანი კომპანიების: Comcast-ის, Oracle-სა და IBM-ის რეკლამები ადოლფ ჰიტლერისა და ნაცისტური პარტიის მხარდამჭერი პოსტების გვერდით გავრცელდა. 

ამასთან, 16 ნოემბერს მასკმა დაუჭირა მხარი ანტისემიტურ პოსტს, რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა

გასულ კვირას პლატფორმაზე რეკლამის განთავსება შეაჩერეს Apple-მა, IBM-მა, Disney-მ, Warner Bros Discovery-მ და სხვა მსხვილმა დამკვეთებმა. 

ტეხასის სასამართლოში შეტანილ X-ის სარჩელში ნათქვამია, რომ Media Matters for America-ს პლატფორმის "განადგურების" მიზნით, მონაცემებით "მანიპულირებდა" და მან განზრახ განათავსა პროპაგანდისტული პოსტების და რეკლამების ფოტოები გვერდიგვერდ. 

მასკმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ სადამკვირვებლო ჯგუფისთვის ჩივილს აპირებდა. მაშინ Media Matters-მა განაცხადა, რომ თუ უჩივლებენ, ორგანიზაციის სიმართლე დამტკიცდება. 

სამოქალაქო ჯგუფების თანახმად, მას შემდეგ, რაც მასკმა პლატფორმა 2022 წლის ოქტომბერში იყიდა, ქსელში შემცირდა მოდერაციის წესები, რამაც სიძულვილის ენის ზრდა გამოიწვია. ამის გამო, მასთან თანამშრომლობაზე უარი არაერთმა მსხვილმა კომპანიამ თქვა. 

გასულ თვეში Bloomberg-ი წერდა, რომ პლატფორმა X ახლა იმაზე ნაკლები ღირს, ვიდრე ილონ მასკმა ერთი წლის წინ გადაიხადა. გამოცემის წყაროს თანახმად, კომპანიის ერთი აქციის ფასი ახლა $45-ს, მისი კაპიტალიზაცია კი $19 მილიარდს შეადგენს. მილიარდერმა პლატფორმა გასულ წელს $44 მილიარდად იყიდა. 

Reuters-ი წერს, რომ ბოლო წლებში ანტისემიტიზმი შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში იზრდება. ADL-ის თანახმად, 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ამერიკაში ანტისემიტური ინციდენტების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, თითქმის 400%-ით გაიზარდა.