LIVE

თაღლითობის საქმეზე შაკირამ პროკურორებთან შეთანხმებას მიაღწია

20 ნოე 202319:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 423
თაღლითობის საქმეზე შაკირამ პროკურორებთან შეთანხმებას მიაღწია

თაღლითობის საქმეზე მომღერალმა შაკირამ ესპანელ პროკურორებთან შეთანხმება გააფორმა. სასამართლო პროცესის პირველივე დღეს პოპ-ვარსკვლავი 7,5 მილიონ ევროიანი ჯარიმის გადახდას დასთანხმდა.

შაკირას ესპანეთში გადასახადების გადახდისგან თავის არიდების ბრალდება პირველად 2019 წელს წაუყენეს. პროკურორების მტკიცებით, მას 2012-2014 წლებში 14,5 მილიონი ევროს გადახდა ევალებოდა. თავის მხრივ, შაკირა ამტკიცებდა, რომ მას ესპანეთში 6 თვეზე მეტხანს არ უცხოვრია და შესაბამისად, გადასახადების გადახდის ვალდებულება არ ჰქონდა.

თუმცა დღევანდელი შეთანხმებით, მომღერალმა წაყენებულ 6 ბრალდებაზე, ფაქტობრივად, დანაშაული აღიარა. გავრცელებულ განცხადებაში შაკირა აღნიშნავს, რომ ბრძოლის გაგრძელების სურვილის მიუხედავად, მისთვის უფრო პრიორიტეტული ოჯახი, კარიერა და სიმშვიდეა.

„მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ გადავჭრა ეს საკითხი ჩემი შვილების ინტერესების სასიკეთოდ. მე უნდა გადავლახო ბოლო რამდენიმე წლის სტრესი და ემოციური ზიანი და ვკონცენტრირდე ყველაფერ იმაზე, რაც მიყვარს - ჩემს შვილებსა და კარიერაზე“,- აღნიშნულია მომღერლის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ შაკირა ადრე არ დასთანხმდა პროკურორების მიერ შეთავაზებულ გარიგებას.