LIVE

მოგებული თანხის 5%-ით დაბეგვრა ბაზარს დიდ ზიანს მიაყენებს - GGA-ს ხელმძღვანელი

04 ნოე 202315:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 512
მოგებული თანხის 5%-ით დაბეგვრა ბაზარს დიდ ზიანს მიაყენებს - GGA-ს ხელმძღვანელი

"საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის" (GGA) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაიშვილი აზარტული თამაშების ბიზნესში გადასახადების ზრდას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ეს გასული წლის ცვლილებების ნეგატიურ ეფექტს გააძლიერებს.

"ბიზნეს ფორმულასთან" საუბარში მამულაიშვილი აღნიშნავს, რომ ყოველწლიური ცვლილებები ინვესტორებს დააფრთხობს. 

"ინვესტორისთვის ყოველწლიური ცვლილებები მიუღებელია და შესაბამისად, ინვესტორიც მომავალში ყოველთვის დაფიქრდება გააკეთოს თუ არა ახალი ინვესტიცია.

იგივე ყაზახეთს რომ შევადაროთ საქართველო, ყაზახეთში ინვესტორი არ შედის ზუსტად იმის გამო, რომ მას დაცულობის გარანტია არ აქვს და არ არის დარწმუნებული, რომ შემდეგ წელს კიდევ არ გაიზრდება გადასახადები", - ამბობს მამულაიშვილი. 

მისივე თქმით, მოგებული თანხის 5%-ით დაბეგვრა ბაზარს დიდ ზიანს მიაყენებს, რადგან მომხმარებლები ალტერნატიული გზების ძიებას დაიწყებენ.

"როდესაც მომხმარებელს გატანის საკომისიოს უზრდი 2%-დან 5%-მდე, ის ყოველთვის დაფიქრდება, უღირს თუ არა მას საქართველოს ბაზარზე სერვისების მიღება, დაიწყებს ალტერნატიული გზების ძიებას. შესაბამისად, ამას მოჰყვება ის, რომ ქართველი მომხმარებელი ნელ-ნელა დაიწყებს გადართვას უცხოურ ბაზარზე, რომელიც, რა თქმა უნდა, საქართველოში ლეგალური არ არის", - ამბობს GGA-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 

გუშინ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სათამაშო ბიზნესისთვის მოგების გადასახადი დღეს არსებული 10%-დან 15%-მდე გაიზრდება.

კიდევ ერთი ცვლილება სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანას ეხება. კერძოდ, ღარიბაშვილის თქმით, მოქალაქე მოგებული თანხის გატანისას, საშემოსავლო გადასახადის სახით, 2%-ის ნაცვლად, 5%-ს გადაიხდის. 

პრემიერმინისტრის განმარტებით, ცვლილებების შედეგად, ბიუჯეტში დამატებით 400 მლნ ლარი შევა.