LIVE

მთავრობა სათამაშო ბიზნესს მოგების გადასახადს 15%-მდე უზრდის

03 ნოე 202314:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 415
მთავრობა სათამაშო ბიზნესს მოგების გადასახადს 15%-მდე უზრდის

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სათამაშო ბიზნესისთვის მოგების გადასახადი დღეს არსებული 10%-დან 15%-მდე გაიზრდება.

კიდევ ერთი ცვლილება სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანას ეხება. კერძოდ, ღარიბაშვილის თქმით, მოქალაქე მოგებული თანხის გატანისას, საშემოსავლო გადასახადის სახით, 2%-ის ნაცვლად, 5%-ს გადაიხდის. 

„საპარლამენტო უმრავლესობას ახალ ინიციატივას წარვუდგინეთ, რომლის მიხედვითაც, სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთი უნდა შევცვალოთ. ახალი ინიციატივით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15%-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10%-ისა. ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5%-ით, დღეს მოქმედი 2%-ის ნაცვლად.

ერთი მხრივ მინდა გაკვირვება გამოვხატო, და მეორე მხრივ, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება. ნამდვილად არ მიხარია, რადგან ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ ჩართულია სათამაშო ბიზნესში. ცნობისათვის მინდა გითხრათ, რომ 2022 წელს 48 მლრდ ლარიდან 52 მლრდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთლიანი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ ჩართულია სათამაშო ბიზნესში.

შარშან მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, როდესაც ავკრძალეთ რეკლამირება და ასევე, 25 წლამდე მოქალაქეებს შევუზღუდეთ თამაშის უფლება. აკრძალვა ავტომატურად შეეხო 1 მლნ 500 ათას მოქალაქეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

პრემიერმინისტრის განმარტებით, ცვლილებების შედეგად, ბიუჯეტში დამატებით 400 მლნ ლარი შევა.