LIVE

ფინეთი ეჭვობს, რომ წყალქვეშა გაზსადენი მიზანმიმართულადაა დაზიანებული

11 ოქტ 202312:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 392
ფინეთი ეჭვობს, რომ წყალქვეშა გაზსადენი მიზანმიმართულადაა დაზიანებული

ფინეთის მთავრობა ეჭვობს, რომ ბალტიის ზღვაში გამავალი, ესტონეთთან დამაკავშირებელი გაზსადენი მიზანმიმართულად არის დაზიანებული. ეს ფაქტი კი შეშფოთებას იწვევს ევროპის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რის ფონზეც ევროპული გაზის ფასი 13%-ით გაიზარდა.

NATO-ს წევრი ქვეყნების, ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი გაზსადენი კვირას, გაჟონვის საშიშროების ფონზე დაიკეტა. ფაქტის შესახებ გამოძიება ორივე მხარემ დაიწყო. ფინეთის ეროვნული საგამოძიებო ბიუროს დასკვნით, სწორედ დაზიანების მასშტაბი მიუთითებს მის მიზანმიმართულობაზე. ამის შესახებ პრესასთან ისაუბრა ფინეთის პრემიერმინისტრმა თუმცა, სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, პასუხისმგებლობა არავისზე დაუკისრებია.

„სრულად გონივრულია გავზარდოთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება. თუ ასეთი მოულოდნელი და ჯერ კიდევ აუხსნელი ფაქტი მოხდა, სავარაუდოა, რომ კიდევ განმეორდება“, - განაცხადა ფინეთის პრემიერმინისტრმა, პეტერი ორპომ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტული გაზსადენის გათიშვა ევროპული ბაზრისთვის ზიანის მომტანი არაა, ფასის ზრდა გამოიწვია ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების შესახებ კითხვებმა, განსაკუთრებით უკრაინის ომის კონტექსტში. სწორედ რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდა საფუძველი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებისა, რის შედეგადაც, რუსეთმა ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. გასულ წელს რუსეთ-გერმანიას შორის დამაკავშირებელი გაზსადენის, Nord Stream-ის აფეთქებამ კი, ევროპის ქვეყნებს ძირითადი აქტივების დაცვის გაძლიერებისკენ უბიძგა.

მილსადენის შესახებ გამოძიებაში ჩართულია NATO-ც, რომლის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ფინეთის პრეზიდენტთან საუბრისას მოკავშირეების მხარდაჭერის სრული მზაობა გამოთქვა.

წყალქვეშა მილსადენი სახელად Balticconnector-ი სამი წლის წინ ამოქმედდა და ფინეთის ახალი ტერმინალიდან ესტონეთში თხევადი გაზის იმპორტს უზრუნველყოფდა. ფინეთის გაზის სისტემის ოპერატორის, Gasgrid Finland-ის შეფასებით, მის შეკეთებას თვეები დასჭირდება.