სინგაპურში მანქანის ფლობის სერტიფიკატის (COE) ღირებულებამ ახალ რეკორდულ მაჩვენებელს - 146 002 სინგაპურულ დოლარს მიაღწია, რაც 106 619 აშშ დოლარია.
მანქანის ფლობის ყველაზე დაბალფასიანი სერტიფიკატი 104 000 სინგაპურული დოლარი ღირს, რაც სამჯერ მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე, როდესაც პანდემიამ ახალ მანქანებზე მოთხოვნა შეანელა. თუმცა პოსტპანდემიურ პერიოდში მოთხოვნა კვლავ გაიზარდა, რის გამოც სერტიფიკატის ფასები ბოლო რამდენიმე თვეა რეკორდულად იზრდება.
რეკორდული მაჩვენებელს - 152 000 სინგაპურული დოლარს მიაღწია სერტიფიკატის კიდევ ერთმა კატეგორიამ, რომელიც ყველა ტიპის მანქანისთვის გამოიყენება.
სინგაპურმა, გზებზე საცობის შემცირების მიზნით, ავტომობილის ფლობის 10-წლიანი უფლების მოწმობის სისტემა 1990 წელს შემოიღო. სერტიფიკატები ყოველ ორ კვირაში აუქციონზე იყიდება და მათ რაოდენობას სახელმწიფო აკონტროლებს. ქვეყანაში COE-ს ფლობა საჭიროა მანქანის შესაძენად.
საშემოსავლო და იმპორტის გადასახადების გამო სინგაპური ავტომობილების შესაძენად ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანაა. ასე მაგალითად, ახალი სტანდარტის Toyota Camry Hybrid დაახლოებით 250 000 სინგაპურული დოლარი ღირს, რაც COE-ის ღირებულებასა და სხვა გადასახადებსაც მოიცავს. ეს თანხა დაახლოებით ექვსჯერ მეტია, ვიდრე, მაგალითად, აშშ-ში.
მიუხედავად სახელმწიფოს სიმცირისა, სინგაპური მილიარდერების რიცხოვნობით მუდმივად იკავებს მოწინავე ადგილს მსოფლიოში. თუმცა რიგითი სინგაპურელებისთვის, რომელთა საშუალო შემოსავალი დაახლოებით 70 000 სინგაპურული დოლარია, COE სისტემის გამო რთულია მანქანის შეძენა.
მთავრობა ცდილობს მოსახლეობის რაც შეიძლება დიდმა ნაწილმა გამოიყენოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. გასულ წელს 60 მილიარდ სინგაპურულ დოლარზე მეტი გამოიყო ქვეყნის სარკინიგზო ქსელის გაფართოებისა და განახლებისთვის მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.
ქალაქ-სახელმწიფოში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 5,5 მილიონს შეადგენს, გასული წლის ბოლოსთვის 1 მილიონზე ნაკლები კერძო მანქანა იყო.