LIVE

ბერნარ არნოს ადვოკატი: გადარიცხვები კანონიერი იყო

01 ოქტ 202314:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 382
ბერნარ არნოს ადვოკატი: გადარიცხვები კანონიერი იყო

ევროპის უმდიდრესი ადამიანის და LVMH-ის მფლობელის, ბერნარ არნოს ადვოკატი აცხადებს, რომ ფინანსური ოპერაციები, რომლებსაც საფრანგეთში გამოძიება სწავლობს, კანონთან სრულ შესაბამისობაშია.

პარიზის პროკურატურამ ორი დღის წინ დაადასტურა, რომ იძიებს  ტრანზაქციებს, რომლებშიც არნო და რუსი ბიზნესმენი ნიკოლაი სარქისოვი არიან ჩართული.

Reuters-სთვის გაგზავნილ წერილში პროკურატურა აცხადებს, რომ წინასწარი გამოძიება 2022 წელს დაიწყო და მიმდინარე საქმეებზე ის დამატებით კომენტარს არ აკეთებს. 

იქამდე ფრანგულმა გამოცემამ Le Monde-მ, საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს ფინანსური დაზვერვის განყოფილება Tracfin-ზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სარქისოვმა ალპებში მდებარე მდიდრულ კურორტზე უძრავი ქონება არნოს ერთ-ერთი კომპანიის მიერ გაცემული სესხით შეიძინა. საუბარია 2018 წლის შემოდგომაზე კურორტ კურშაველში სარქისოვის კუთვნილი კომპანიების მიერ 16 მილიონ ევროდ შეძენილ 14 სახლზე, რაშიც საფრანგეთში, ლუქსემბურგსა და კვიპროსში მდებარე კომპანიები მონაწილეობდნენ.

ამავე კურორტზე არნო ძვირადღირებულ სასტუმრო Cheval Blanc-ს ფლობს.

მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების შემსყიდველად სარქისოვი ითვლება, ოპერაციაში მონაწილე კომპანიის მონაცემებში მისი სახელი არ ფიგურირებს. მედიის ინფორმაციით, მოგვიანებით ფრანგმა მილიარდერმა იყიდა უძრავი ქონების მფლობელი კომპანია. 

"კურშაველში სასტუმრო Cheval Blanc-ის გაფართოების მიზნით ჩატარებული გადარიცხვა საკმაოდ ცნობილია და ის კანონთან შესაბამისობაში, მრჩევლების დახმარებით წარიმართა. მიმდინარე გამოძიება უდავოდ დაადგენს, რომ ეს ასეა", - ამბობს არნოს ადვოკატი ჟაკლინ ლაფონტი. 

წინასწარი ინფორმაციით, არნომ სარქისოვს 18,3 მილიონი ევროს ოდენობის სესხი მისცა, საიდანაც სარქისოვმა, შესაძლოა, 2 მილიონი ევროს მოგება მიიღო. 

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, ოპერაციის მიზანი თანხის წარმომავლობის დამალვა იყო. 

Tracfin-მა რუსი ინვესტორების მონაწილეობით განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებზე კონტროლი გასულ წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგ გააძლიერა.