2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27.8 მილიარდი ლარი იქნება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
2024 წლის ბიუჯეტის პირველი პროექტი 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. ღარიბაშვილის თქმით, საშუალო ვადიან პერიოდშიც რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის ასევე 5%. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 85 მილიარდ 370 მილიონ ლარს მიაღწევს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ 8600 დოლარს გადააჭარბებს.
"წელს 8100 დოლარი იქნება უკვე და წლევანდელი ბიუჯეტიც, იცით, რომ საკმაოდ ამბიციური იყო. ასევე, გეტყვით იმასაც, რომ 2027 წლისთვის, ჩვენი პროგნოზით , მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 108 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს", - ამბობს ღარიბაშვილი.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტში საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია და 2,8%-ს შეადგენს.
მთავრობის გათვლებით, 2024 წელს დეფიციტი 2,5% იქნება, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი - მშპ-ის 38,2%.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის წევრები დღეს განიხილავენ 2024 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტს, რომელიც შემდეგ პარლამენტში გადაიგზავნება.