პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტი 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი.
მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 85 მლრდ 370 მლნ ლარია.
„2024 წლის ბიუჯეტი საკმაოდ კონსერვატიული მიდგომითაა დაგეგმილი. ჩადებული გვაქვს ეკონომიკის 5.2%-იანი ზრდა. საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი არის 5%. საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია და 2.8%-ს შეადგენს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 85 მლრდ 370 მლნ ლარია, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესია.
მთლიანი შიდა პროდუქტი 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8 600 დოლარს გადააჭარბებს. წელს 8 100 დოლარი იქნება. წლევანდელი ბიუჯეტიც საკმაოდ ამბიციური იყო. გეტყვით იმასაც, რომ ჩვენი პროგნოზით, 2027 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი 108 მლრდ ლარი იქნება, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობა დღეს 2024 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტს განიხილავს, რომელსაც შედეგ პარლამენტში გადააგზავნის.
შეგახსენებთ, საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-აგვისტოს საშუალო რეალური ზრდა 7% იყო.