LIVE

X რუსული დეზინფორმაციის გავრცელების ყველაზე დიდი პლატფორმაა - EU

27 სექ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 323
X რუსული დეზინფორმაციის გავრცელების ყველაზე დიდი პლატფორმაა - EU

ევროკავშირი პლატფორმა X-ს რუსული დეზინფორმაციის გავრცელების ყველაზე დიდ საშუალებას უწოდებს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ვერა იუროვა სოციალური მედიის პლატფორმების წარმომადგენლებს მიმართავს, რომ ყურადღება გამოიჩინონ რუსული დეზინფორმაციული პროპაგანდის წინააღმდეგ, მით უმეტეს მომავალ წელს აშშ-სა და ევროკავშირში დაგეგმილი არჩევნების გათვალისწინებით. 

„მასობრივი მანიპულაციის მრავალმილიონიანი იარაღი მიმართულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე რუსების, ევროპელების და დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ. დიდმა პლატფორმებმა უნდა შეამცირონ არსებული რისკები, განსაკუთრებით მაშინ, როცა კრემლი ევროპული არჩევნების წინ, სავარაუდოდ, უფრო გააქტიურდება“, - განუცხადა იუროვამ ჟურნალისტებს.

პლატფორმების უმრავლესობა მოქმედებს ევროკავშირის ქცევის კოდექსის ფარგლებში, რომელიც ინდუსტრიის წარმომადგენლებს ფაქტების გადამოწმების სტანდარტს უწესებს. ბლოკს ასევე შემუშავებული აქვს საპილოტე პროექტი, რომელიც პრობლემის მასშტაბურობას აფასებს. 

„კოდექსის ქვეშ აღარ მოქმედებს  X (ყოფილი Twitter). სხვებთან შედარებით, ამ პლატფორმაზე ყველაზე დიდი მოცულობით ვრცელდება დეზინფორმაცია. მივმართავ Twitter-ს, დაიცვან მკაცრი კანონი, რადგან ყურადღებით ვაკვირდებით მათ ქმედებებს“, - ამბობს ვერა იუროვა.

ევროკავშირმა გამოაქვეყნა მოხსენება იმის შესახებ თუ როგორ ებრძვიან დეზინფორმაციას უმსხვილესი ტექკომპანიები, მათ შორის, Meta Platforms-ის Facebook-ი, Alphabet-ის Google და ByteDance-ის TikTok-ი. იუროვამ გაიხსენა, რომ წლის პირველ 4 თვეში Google-მა გააუქმა რუსეთთან დაკავშირებული 400-ზე მეტი არხი. Meta-მ განაცხადა, რომ ევროკავშირში გააფართოვა ფაქტების გადამოწმების მექანიზმი. 

ევროკავშირის ახალი კანონი „ციფრული სერვისების აქტი“, რომელიც პლატფორმებზე განთავსებულ კონტენტს არეგულირებს, ძალაში გასულ თვეს შევიდა.