საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას ახალი მრჩეველი ჰყავს. უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩეველი მალხაზ ღუღუნიშვილი გახდა. ამის შესახებ "ბიზნეს ფორმულას" ეროვნულ ბანკში განუცხადეს.
ეროვნულ ბანკში ეს შტატი ამ დრომდე არ არსებობდა.
ნათია თურნავას ახლა ორი მრჩეველი ჰყავს, თუმცა გიორგი ბაქრაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გასულ კვირას, სებ-ის მიერ სანქციების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ განაცხადა. ის თანამდებობას ოქტომბრის ბოლოს დატოვებს.
19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შეიტანა. კერძოდ, აღარ ვრცელდება სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე იმ შემთხვევაში, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი.
აღსანიშნავია, რომ სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა.