LIVE

5-თვიანი გაფიცვის შემდეგ აშშ-ში სცენარისტებმა სტუდიებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს

25 სექ 202313:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 444
5-თვიანი გაფიცვის შემდეგ აშშ-ში სცენარისტებმა სტუდიებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს

ჰოლივუდის სტუდიებმა სცენარისტებთან თითქმის 5-თვიანი გაფიცვის შემდეგ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.

ამერიკის მწერალთა გილდიასა (WGA) და კინემატოგრაფიისა და სატელევიზიო პროდიუსერების გაერთიანებას შორის (AMPTP) მოლაპარაკებები განახლდა და მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, სამუშაოს გასაგრძელებლად კონტრაქტი მზადების პროცესშია.

WGA არ ასაჯაროებს შეთანხმების დეტალებს, თუმცა გაერთიანების წევრებთან აცხადებს, რომ „შეთანხმება მწერლებისთვის განსაკუთრებულია, მნიშვნელოვანი მიღწევებისა და დაცვის გარანტიების გამო“.

ბოლო ათწლეულში სცენარისტების ყველაზე ხანგრძლივი, თითქმის 150-დღიანი გაფიცვა ხელფასებისა და სამუშაო პირობებისა გაუმჯობესებისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენისგან დაცვის მოთხოვნით 2 მაისს დაიწყო. გაფიცვა ისეთ მსხვილ კინოსტუდიებს შეეხო, როგორიცაა Netflix, Disney, Paramount, Universal და Warner Bros. Discovery.

WGA-ს ხელმძღვანელობა ასევე აღნიშნავს, რომ გილდიის არცერთი წევრი არ დაბრუნდება სამსახურში მანამ, სანამ შეთანხმება ოფიციალურად არ გაფორმდება. გარდა ამისა, ისინი სოლიდარობას უცხადებენ მსახიობებს, რომლებთანაც შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა. 160 000-წევრიანი მსახიობთა გაერთიანება SAG-AFTRA მსგავსი მოთხოვნებით სცენარისტთა გაფიცვას 14 ივლისს შეუერთდა.

სცენარისტები და მსახიობები ერთობლივად 1960 წლის შემდეგ პირველად გაიფიცნენ. წინასწარი მონაცემებით, ერთობლივი გაფიცვა კალიფორნიის ეკონომიკას $5 მილიარდით დააზარალებს.