LIVE

Hollywood-ში გაფიცულ სცენარისტებს მსახიობებიც შეუერთდნენ

14 ივლ 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 431
Hollywood-ში გაფიცულ სცენარისტებს მსახიობებიც შეუერთდნენ

Hollywood-ში გაფიცულ სცენარისტებს მსახიობებიც შეუერთდნენ. პროფკავშირმა, რომელშიც 160 000-მდე ადამიანი შედის, მუშაობა შეწყვიტა

კინოს მსახიობთა გილდია (SAG) სტრიმინგის გიგანტებს მოგების სამართლიან განაწილებასა და უკეთეს სამუშაო პირობებს სთხოვს. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ გარანტიებს, რომ ხელოვნური ინტელექტი მსახიობებს საქმიანობას არ წაართმევს. 

მსახიობთა გაფიცვა ხუთშაბათს საღამოს გამოცხადდა. მას კინოს მრავალი ვარსკვლავი შეუერთდა. მათ შორის არიან კილიან მერფი, მეთ დეიმონი და ემილი ბლანტი, რომლებმაც გაფიცვების გამოცხადებისთანავე ლონდონში კრისტოფერ ნოლანის ოპენჰაიმერის პრემიერა დატოვეს. გაფიცულებს მხარდაჭერა Instagram-ზე გამოუცხადეს ბობ ოდენკრიკმა, სინტია ნიქსონმა და ჯეიმი ლი კურტისმა. 

Hollywood-ში გაფიცვები სცენარისტებმა მიმდინარე წლის მაისში დაიწყეს. სცენარისტები Walt Disney-სა და Netflix-ს ხელფასების მომატებას სთხოვდნენ. გარდა ამისა, მათი პროტესტი გამოწვეულია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებით, რაც კინოინდუსტრიაში ადამიანების ჩანაცვლების საფრთხეებს აჩენს.