LIVE

ჭყონია სებ-ზე: ეს ვითარება პირველ რიგში შეაფერხებს უცხოურ ინვესტიციებს

21 სექ 202314:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 360
ჭყონია სებ-ზე: ეს ვითარება პირველ რიგში შეაფერხებს უცხოურ ინვესტიციებს

ეროვნულ ბანკში განვითარებული მოვლენები, ინფლაციაზე ნეგატიურად აისახება, - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნა.

მისი განმარტებით, არსებული ვითარება პირველ რიგში უცხოურ ინვესტიციებს შეაფერხებს.

„ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ისეთ ძლიერ ინსტიტუტს, რომელიც საფინანსო ინსტიტუტია, რადგან ბიზნესი სრულად დგას საფინანსო ინსტიტუტზე. ნებისმიერი რყევა ნეგატიურად აისახება ინფლაციაზე და ეს ყურადსაღებია.

რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში შეაფერხებს უცხოურ ინვესტიციებს, რაც ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როდესაც სტრატეგიულ პარტნიორებზე ვლაპარაკობთ, მათ შორის ჩვენი მთავრობისგან არაერთხელ მოგვისმენია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია აშშ და ევროპა“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.

19 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. 

სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა.

ამ საკითხს გუშინვე გამოეხმაურნენ კომერციული ბანკები, რომლებიც აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციების დაცვას გააგრძელებენ.

ნათია თურნავას მიერ სანქციების შესრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკისა და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება, სებ-ის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა მიიღო.