საქსტატის მონაცემებით, საქართველოში, 2023 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა მიმდინარე ფასებში 19 მლრდ 281 მლნ ლარი იყო.
აპრილ-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება კი 2%-ით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ II კვარტალში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 2 017 დოლარი იყო.
მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით ვაჭრობა (15.5%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6%) გამოირჩეოდა.
საქსტატის თანახმად, აპრილ-ივნისში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (14.6%);
- მშენებლობა (22.7%);
- განათლება (19.6%);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია (20.2%);
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (11.1%);
- ტრანსპორტი და დასაწყობება (6.8%);
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (42.8%).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში:
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-7.1%);
- დამამუშავებელი მრეწველობა (-2.8%);
- ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-7%).