LIVE

თურქეთი, ჩინეთის მხარდაჭერით, ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს

16 სექ 202314:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 464
თურქეთი, ჩინეთის მხარდაჭერით, ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს

თურქეთსა და ჩინეთს შორის ატომური ელექტროსადგურის აშენების შესახებ შეთანხმება დასკვნით ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული ოფიციალური მხარე ავრცელებს. ელექტროსადგურის აშენება მიზნად ისახავს ნავთობისა და გაზის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას.

ენერგეტიკის მინისტრის, ალფარსლან ბაირაქტარის განცხადებით, ჩინეთის ოფიციალური პირები ახლახან ეწვივნენ თურქეთს და მოინახულეს ქარხნის ასაშენებელი ადგილი, რომელიც ბულგარეთისა და საბერძნეთის საზღვართანაა ახლოს. მისივე თქმით, მოლაპარაკებების დასრულებას „რამდენიმე თვეში“ ელიან.

ჩინური ინვესტიციით აშენებული ატომური ელექტროსადგური, თურქეთისთვის რიგით მესამე პროექტი იქნება. პირველი ასეთ სადგურს რუსეთი ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე აშენებს. მეორე სადგური, რომელიც შავი ზღვისპირეთში აშენდება, ჯერ კიდევ დაგეგმვის ფაზაშია. ბაირაქტარის განცხადებით, მეორე ატომური ელექტროსადგურის აშენებით რუსული კომპანია Rosatom-ი და სამხრეთ კორეული კომპანიები არიან დაინტერესებული. თურქეთი მუშაობს ადგილობრივი ინვესტიციის მოზიდვაზეც.

ატომურ ენერგიას, იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდის შესაძლებლობად განიხილავს. გასული წელს თურქეთმა $80 მილიარდამდე ღირებულების ნავთობის იმპორტი განახორციელა. ბაირაქტარის თქმით, საბოლოო მიზანი ატომური ელექტროსადგურიდან გამომუშავებული სიმძლავრის 20 გიგავატამდე გაზრდაა.

„ჩვენი სურვილია შევქმნათ უფრო მასშტაბური ბირთვული ეკოსისტემა. ბირთვული ენერგია საჭიროა ენერგეტიკული ტრანზიციისთვის, რათა 2050 წლისთვის ქვეყნის მოსალოდნელი, $1 ტრილიონიანი ეკონომიკა ნახშირბად ნეიტრალური იყოს“,- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა.