თბილისში 2023 წლის აგვისტოში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 10%-ით შემცირდა. ერთ თვეში სულ 3 420 ბინა გაიყიდა.
Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემებით, აგვისტოში საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომამ 8%-ით, 187 მლნ დოლარამდე იკლო.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ახალ პროექტებში ტრანზაქციები 6%-ით შემცირდა, ძველ პროექტებში კი - 18%-ით.
Colliers Georgia-ს თანახმად, აგვისტოში თბილისში ახალაშენებულ ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნამ 9%-ით იკლო, მედიუმ სეგმენტში მაჩვენებლის მხოლოდ 1%-იანი შემცირება დაფიქსირდა, პრემიუმ სეგმენტში კი ტრანზაქციების რაოდენობა არ შეცვლილა.
რაც შეეხება ფასს, გასულ თვეში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა თბილისის გარეუბნებში, ხოლო ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში 3%-იანი კლება დაფიქსირდა.
ძველი ბინების შემთხვევაში კი საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა როგორც გარეუბნებში, ასევე ქალაქის ცენტრალურ უბნებში.