LIVE

ComCom: 5G-ის დასანერგად „სელფი მობაილს“ ლიცენზიები მიენიჭა

07 სექ 202315:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 744
ComCom: 5G-ის დასანერგად „სელფი მობაილს“ ლიცენზიები მიენიჭა

კომუნიკაციების კომისიის (ComCom) გადაწყვეტილებით, „სელფი მობაილს“ 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიები 15 წლის ვადით გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ComCom-ის მიერ, მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში, „სელფი მობაილი“ 1 კომბინირებული და 3 ცალკემდგომი ლოტის გამარჯვებულად გამოცხადდა, რაც 700 მჰც, 3400-3600 მჰც, 2600 მჰც და 1800 მჰც სიხშირულ დიაპაზონებს მოიცავდა. აღნიშნული ლოტების საფასურმა ჯამში 4 497 045 ლარი შეადგინა, ხოლო ლიცენზიის მოსაპოვებლად, ოპერატორმა დადგენილი თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა.

აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, „სელფი მობაილს“ გაუჩნდა ვალდებულება, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) დაუშვას, რისთვისაც აუქციონის ფარგლებში 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიამ, 5G ინტერნეტის დასანერგად აუქციონი 4 კომბინირებულ და 20 ცალკემდგომ ლოტზე გამოაცხადა.  

კომისიამ 28 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომ 5G-ს მხოლოდ „სელფი“ დანერგავს, რადგან „მაგთიკომმა“ და „სილქნეტმა“ აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს. 31 ივლისს მარეგულირებლის განცხადებას „მაგთიკომი“ გამოეხმაურა და ComCom-ის მიერ 5G აუქციონთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი და დეზინფორმაცია უწოდა.  

5G - ეს არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.