LIVE

ComCom: 5G აუქციონში გამარჯვებულად „სელფი მობაილი“ გამოცხადდა

17 აგვ 202311:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 662
ComCom: 5G აუქციონში გამარჯვებულად „სელფი მობაილი“ გამოცხადდა

კომუნიკაციების კომისიამ (ComCom), მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში, N2 კომბინირებული ლოტის გამარჯვებულად „სელფი მობაილი“ გამოაცხადა. კომპანიას 700 მჰც და 3400-3600 მჰც სიხშირული დიაპაზონები მიენიჭება.

მარეგულირებლის ინფორმაციით, მათ მიერ დადგენილი პირობების მიხედვით, „სელფი მობაილს“ ამ სიხშირული რესურსით სარგებლობის მოპოვებისთვის ვალდებულება გაუჩნდა, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) დაუშვას, რისთვისაც მან დამატებით 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა და გადასახდელმა თანხამ სულ 2 657 445 ლარი შეადგინა.

აუქციონის წესების გათვალისწინებით, ლიცენზიის მოსაპოვებლად ოპერატორს განესაზღვრა 1 თვის ვადა, რომლის მანძილზეც მან დადგენილი თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიამ, 5G ინტერნეტის დასანერგად აუქციონი 4 კომბინირებულ ლოტზე გამოაცხადა. 

კომისიამ 28 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომ 5G-ს მხოლოდ „სელფი“ დანერგავს, რადგან „მაგთიკომმა“ და „სილქნეტმა“ აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს. 31 ივლისს მარეგულირებლის განცხადებას „მაგთიკომი“ გამოეხმაურა და ComCom-ის მიერ 5G აუქციონთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი და დეზინფორმაცია უწოდა.  

5G - ეს არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.