
კომუნიკაციების კომისიის (ComCom) მიერ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად გამოცხადებული აუქციონები დასრულდა.
მარეგულირებლის განცხადებით, აუქციონის ფარგლებში, ComCom-მა „სელფი მობაილი“ N18, N19 და N24 ცალკემდგომი ლოტების გამარჯვებულად გამოაცხადა, რის შემდეგაც, კომპანიას 2600 მჰც და 1800 მჰც სიხშირული დიაპაზონები მიენიჭება.
„ლოტების საფასურმა 226 800, 226 800 და 1 386 000 ლარი შეადგინა. ლიცენზიის მოსაპოვებლად კი, „სელფი მობაილს“ განესაზღვრა 1 თვის ვადა, რომლის მანძილზეც მან დადგენილი თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს. ოპერატორს აუქციონის მეშვეობით მოპოვებული სიხშირული რესურსებით სარგებლობისთვის, გაუჩნდა ვალდებულება, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) დაუშვას, რისთვისაც მან 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა“, - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
შეგახსენებთ, ComCom-მა ცოტა ხნის წინ 5G აუქციონზე, „სელფი მობაილი“ ასევე გამოაცხადა N2 კომბინირებული ლოტის გამარჯვებულად. კომპანიას 700 მჰც და 3400-3600 მჰც სიხშირული დიაპაზონები მიენიჭება. კომბინირებული ლოტის საფასურმა სულ 2 657 445 ლარი შეადგინა და ცალკემდგომი ლოტების მსგავსად, კომპანიამ ერთი თვის ვადაში, თანხის 30% უნდა დაფაროს.
აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიამ, 5G ინტერნეტის დასანერგად აუქციონი 4 კომბინირებულ და 20 ცალკემდგომ ლოტზე გამოაცხადა.
კომისიამ 28 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომ 5G-ს მხოლოდ „სელფი“ დანერგავს, რადგან „მაგთიკომმა“ და „სილქნეტმა“ აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს. 31 ივლისს მარეგულირებლის განცხადებას „მაგთიკომი“ გამოეხმაურა და ComCom-ის მიერ 5G აუქციონთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი და დეზინფორმაცია უწოდა.
5G - ეს არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.