LIVE

G&T: წლის ბოლომდე სავალუტო სესხები კიდევ გაძვირდება

08 აგვ 202318:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 667
G&T: წლის ბოლომდე სავალუტო სესხები კიდევ გაძვირდება

Galt & Taggart-ის მოლოდინით, მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოში უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთები კიდევ გაიზრდება.

როგორც საინვესტიციო ბანკში აცხადებენ, ქართულ კომერციულ ბანკებში საკრედიტო პორტფელზე ევროკავშირსა და აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ჯერ სრულად არ ასახულა.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ განუცხადა, მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე გლობალურად განაკვეთების ზრდა კვლავ გაგრძელდება, რაც ეტაპობრივად სავალუტო სესხებს საქართველოში დამატებით გააძვირებს.

„საპროცენტო განაკვეთები როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში ჯერ კიდევ მზარდია და მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ეს ტენდენცია გაგრძელდება. ცოტა ხნის წინ აშშ-ის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რაც მოსალოდნელზე მაღალი იყო. ეს კი დამატებითი არგუმენტია, რომ გლობალურად მონეტარული პოლიტიკა კიდევ გამკაცრდეს. ეს გარკვეული პერიოდის შემდეგ ქართულ ბაზარსაც გადმოეცემა და საქართველოში სავალუტო სესხები დამატებით გაძვირდება. გარკვეულ სტაბილიზაციას და შემცირებას მხოლოდ 2024 წლის მეორე ნახევრისთვის უნდა ველოდეთ, როდესაც Fed-ი და ECB განაკვეთების შემცირებას დაიწყებენ. იქამდე კი საქართველოში უცხოური ვალუტის სესხებზე გაზრდილი განაკვეთები შენარჩუნდება“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2023 წლის მაისის მდგომარეობით, სავალუტო ბიზნეს სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 9.8%-ს შეადგენდა, ხოლო ლარის ბიზნეს სესხებზე - 13.9%-ს.

ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ის და ევროპის ცენტრალურმა ბანკებმა მონეტარული პოლიტიკა კვლავ გაამკაცრეს. როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზისო პუნქტით გაიზარდა.