LIVE

ლირა მორიგ რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

18 ივლ 202311:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 619
ლირა მორიგ რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

თურქულმა ლირამ დოლართან გაუფასურების მორიგ რეკორდულ დონეს მიაღწია.

ამ დროისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 26.87 ლირას აჭარბებს. მიმდინარე წელს ლირა დაახლოებით 30%-ითაა გაუფასურებული.

რაც შეეხება მიზეზს, გაცვლით კურსზე იმოქმედა ინვესტორების მოლოდინმა, რომ ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე, თურქეთის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის.

Reuters-ის გამოკითხვის თანახმად, სავარაუდოა რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 500 საბაზისო პუნქტით, 20%-მდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2020 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად, 22 ივნისს გაიზარდა. კერძოდ, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა, რომელსაც ისტორიაში პირველად, ქალი ხელმძღვანელობს, ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 8.5%-დან 15%-მდე გაზარდა.

ამასთან, თურქეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიუთითა, რომ ეს ნაბიჯი ეტაპობრივი პროცესის დასაწყისია, რომლის მიზანსაც ინფლაციის 5%-მდე შემცირება წარმოადგენს.

თურქეთში ინფლაცია 38.2%-ია, თუმცა რეკორდული ინფლაციის მიუხედავად, თურქეთის ლიდერი აქამდე დაჟინებით მოითხოვდა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. ამ მიდგომის არ გაზიარების გამო, ორ წელზე ნაკლებ დროში, ერდოღანმა თანამდებობიდან ცენტრალური ბანკის სამი პრეზიდენტი გაათავისუფლა.