LIVE

G&T: მაის-ივლისში ჰესების გამომუშავების მასშტაბური შეზღუდვა ₾67 მილიონამდე მიუღებელი შემოსავალია

20 ნოე 202615:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 25
G&T: მაის-ივლისში ჰესების გამომუშავების მასშტაბური შეზღუდვა ₾67 მილიონამდე მიუღებელი შემოსავალია

Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ენერგეტიკის სექტორის ანგარიშის თანახმად, 2026 წლის მაის-ივლისში, ჰესების გამომუშავების პირველმა მასშტაბურმა შეზღუდვამ 0.5 ტვტ.სთ შეადგინა, რაც 67 მლნ ლარამდე მიუღებელ შემოსავალს ნიშნავს. ამ ფონზე, 9 თვის მიწოდების 25.8% იმპორტმა და თბოსადგურებმა დაფარა.

"ჩვენი შეფასებით, თუ ყველა დაგეგმილი პროექტი აშენდება, 2030 წლისთვის შეზღუდვა თითქმის ოთხჯერ გაიზრდება ოპტიმისტური სცენარით (+4.0 გვტ სიმძლავრე 2032 წლისთვის)," ნათქვამია Galt & Taggart-ის კვლევაში.

საინვესტიციო ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ შემდგომ სიმძლავრის აუქციონზე პრიორიტეტი ამ რიგით განისაზღვროს: წყალსაცავიანი ჰესი, ქარი, მოდინებაზე ჰესი და ბოლოს მზე.

მისივე შეფასებით, დღეს ყველაზე კარგი პირობები მზის სადგურებს აქვთ, ქვეყანას კი ყველაზე მეტად ჰესები და ქარის სადგურები სჭირდება.

"ჩვენი შეფასებით, მიმდინარე CfD ტარიფით მზის სადგურების უკუგება 15.2%-ია, ქარის სადგურების 12.5%, ხოლო მოდინებაზე ჰესის კი 8.5%. ამასთან, მზის სადგურის CfD მთელი წელი მოქმედებს, ქარის სადგურის 9 თვე, ხოლო მოდინებაზე ჰესის 8 თვე. სისტემის საჭიროება თითქმის საპირისპიროა: ზამთრის დეფიციტს წყალსაცავიანი ჰესები და ქარის სადგურები ამცირებენ, მზის სადგურები კი ენერგიას ძირითადად მაშინ გამოიმუშავებს, როცა სისტემაში ისედაც სიჭარბეა," წერს Galt & Taggart. 

ორგანიზაციის შეფასებით, ინვესტორს საკუთარ კაპიტალზე 15%-იანი უკუგება (Equity IRR) სჭირდება. ამ ფონზე, მზის სადგურებისთვის არსებული CfD უზრუნველყოფს 15.2%- იან უკუგებას, მაშინ როდესაც ქარის სადგურს 12.5%-იანი უკუგება აქვს, ხოლო მოდინებაზე ჰესს კი მხოლოდ 8.5%. შეზღუდვის რისკი ამ სხვაობას კიდევ ზრდის, რადგან  გენერაციის შეზღუდვა ელექტროსადგურისთვის ნაკლებ გაყიდულ ენერგიას ნიშნავს.

ყველაზე მგრძნობიარე კი შეზღუდვის მიმართ კი მოდინებაზე მომუშავე ჰესია. უფრო კონკრეტულად, მაღალი შეზღუდვის სცენარში (ზაფხულის გენერაციის 50%-მდე) მისი უკუგება ინვესტიციაზე 8.5%-დან 6.0%-მდე ეცემა. 15%-იანი უკუგებისთვის ქარსა და მოდინებაზე ჰესს 12-თვიანი CfD და უფრო მაღალი ტარიფი სჭირდება: მაღალი შეზღუდვის გათვალისწინებით ქარის სადგურებს 7.2 ცენტი/კვტ.სთ, მოდინებაზე ჰესს კი 9.8 ცენტი/კვტ.სთ.

"ჩვენი შეფასებით, აუქციონზე მიზანშეწონილია იმ ტექნოლოგიების წახალისება, რომლებიც ქვეყანას მეტად სჭირდება. წინასწარ ცნობილი წესები ინვესტორის რისკს შეამცირებს, ახალ სიმძლავრეს კი ქვეყნისთვის უფრო იაფს გახდის," მიიჩნევს Galt & Taggart.

ორგანიზაცია თვლის, რომ ამ მიზნით მნიშვნელოვანია:

  1. ზამთრის გენერაციის წახალისება: უპირატესობა წყალსაცავიან ჰესებსა და ქარის სადგურებს, შემდეგ მოდინებაზე ჰესებს; ამ ტექნოლოგიებისთვის CfD-ის პირობების გადახედვა; მზის სადგურების განვითარება ქსელის ლიმიტების ფარგლებში.
  2. გამჭვირვალობა: შეზღუდვის წესების რიგითობის წინასწარ განსაზღვრა; მიმდინარე პროექტების სიისა და 10-წლიანი პროგნოზის გამოქვეყნება.
  3. მოთხოვნა და ექსპორტი: ადგილობრივი მოხმარებისა და ექსპორტის ხელშეწყობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდირებული წესების შემუშავებამ აუქციონი არ დააყოვნოს: ძირითადი პრინციპები შეიძლება აუქციონის პირობებშივე აისახოს, დეტალური რეგულირება კი პარალელურად დაიხვეწოს.

ამასთან, საინვესტიციო ბანკის მოსაზრებით, დაგეგმილი სიმძლავრის გადახედვა ზაფხულის სიჭარბის რისკს შეამცირებს. მისი შეფასებით, 2032 წლამდე დაგეგმილი 4.0 გვტ-დან (ოპტიმისტური სცენარი) ამჟამად 1.4 გვტ-ის პროექტები მიმდინარეობს.

"თუ გეგმა ამ პროექტებით შემოიფარგლება, ზაფხულის შეზღუდვა 50%-ის (მაღალი შეზღუდვის სცენარი) ნაცვლად საშუალოდ 30% იქნება (საბაზისო შეზღუდვის სცენარი), თუ ზაფხულის მოხმარება და ექსპორტი არ იქნა წახალისებული," წერს Galt & Taggart და დასძენს, რომ ამავე მიზნით მიზანშეწონილია, ახალი მემორანდუმების გაფორმება, მათ შორის პირდაპირი მოლაპარაკებებით, შეჩერდეს და ასეთი პროექტები ახალ აუქციონზე გავიდეს. მეორე მხრივ, მისივე მოსაზრებით, შეზღუდვის წესები, ქსელის ლიმიტები, პროექტების სია და ოფიციალური 10-წლიანი პროგნოზი უმჯობესია, აუქციონამდე გამოქვეყნდეს, ხოლო შეზღუდვის წესები წინასწარ იყოს ცნობილი, რადგან გენერაციის შეზღუდვა სადგურისთვის დაკარგული შემოსავალია, ამიტომ ინვესტორს წესების წინასწარ ცოდნა სჭირდება.

"ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პირველ რიგში შეზღუდვა ახალი წესებით გაფორმებულ პროექტებს შეეხოს, მოქმედი სადგურები კი რიგში ბოლოს იყვნენ. სისტემის საჭიროებიდან გამომდინარე, ჯერ მზის სადგურები შეიზღუდოს, შემდეგ პროპორციულად ქარის სადგურები და მოდინებაზე ჰესები, უკიდურეს შემთხვევაში კი წყალსაცავიანი ჰესები," ვკითხულობთ Galt & Taggart-ის კვლევაში.

რაც შეეხება სეზონურობას, საინვესტიციო ბანკის აზრით, ზაფხულის სიჭარბისას ყველაზე ეფექტური გზა ადგილობრივი მოხმარებისა და ექსპორტის წახალისებაა.

მისი შეფასებით, მოხმარების წლიური 3.4%- იანი ზრდისა და 2028 წლიდან სსე-ს 200 მგვტ ბატარეის მიუხედავად, 2030 წელს წლიური გენერაციის 6-10% მაინც ჭარბი იქნება. ამიტომ ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია.

"ადგილობრივი მოხმარება ყველაზე იაფი გამოსავალია. საქართველოში ბიზნესი ელექტროენერგიაში შინამეურნეობაზე საშუალოდ 13–24%-ით მეტს იხდის, ევროკავშირში კი 37%-ით ნაკლებს. სეზონური ტარიფი ან ზაფხულში სისტემური საფასურების შემსუბუქება ბიზნესს სტიმულს მისცემს, მოხმარების ნაწილი ზაფხულში გადაიტანოს (მაგ., ფეროშენადნობები და მძიმე მრეწველობა). სადგურისთვისაც იაფად გაყიდვა შეზღუდვაზე უკეთესია," წერს Galt & Taggart და დასძენს, რომ ექსპორტის ნაწილში, ამჟამად შემზღუდველი ფასია, რადგან წელს მაის-ივლისში თურქეთში საშუალო ფასი 3.5 ცენტი/კვტ.სთ იყო (წლიურად -46%), ექსპორტის სისტემური საფასური კი 1.5 ცენტი/კვტ.სთ. შესაბამისად, მისი დასკვნით, სიჭარბის პერიოდში ექსპორტს ხელს შეუწყობს ექსპორტიორების სისტემური საფასურებისგან გათავისუფლება.