LIVE

ევროპაში ვაქცინაციის ნელი ტემპი ინვესტორებს აშფოთებს

08 მარ 202118:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 503
ევროპაში ვაქცინაციის ნელი ტემპი ინვესტორებს აშფოთებს
Kiyoshi Ota/Bloomberg

ევროპაში ვაქცინაციის ნელი ტემპი გლობალური ინვესტორების შეშფოთებას იწვევს. ეკონომიკურ ზრდას ბიზნესის აღდგენის ნელი ტემპები აფერხებს.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის აქციები გლობალური ზრდის ტენდენციას მიჰყვებიან,  ეკონომიკის აღდგენას ხანგრძლივი ლოკდაუნი ემუქრება. ინვესტორები ამას ყურადღებას აქცევენ. სამი კვირაა ევროპული საინვესტიციო ფონდები კაპიტალის გადინებას აფიქსირებენ. Bank of America და BlackRock Investment Institute კი იუწყებიან, რომ ვირუსის ახალმა ტალღამ შესაძლოა სავაჭრო სტრატეგიები აზარალოს ევროზონის მასშტაბით. 

”ევროპელებმა ძალიან უნდა დააჩქარონ ვაქცინაციის ტემპები, თუ ვირუსის მართვის სადავეების აღება სურთ,” - ამბობს $544 მილიარდის აქტივების მმართველი Principal Global Investors-ის მთავარი სტრატეგი, სიმა შაჰი. როგორც შაჰი განმარტავს, ბიუროკრატია და ევროპული სახელმწიფოების მთავრობების  დამაბნეველი მესიჯები პროცესს კიდევ უფრო ართულებს.

შიდა პოლიტიკური დაპირისპირებებით, მიწოდების შეფერხებებით და საზოგადოებრივი წინააღმდეგობით დატვირთული კონტინენტური ევროპა, ვაქცინის გავრცელებით დიდ ბრიტანეთს და აშშ-ს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ევროკავშირმა 100 ადამიანზე 8 დოზა განსაზღვრა, მაშინ როცა ბრიტანეთში და აშშ-ში ეს მაჩვენებელი 25-ია, Bloomberg Vaccine Tracker-ის თანახმად. 

ამასობაში კი,  Bloomberg Economics-ის გათვლებით, ბიზნესაქტივობის აღდგენის ერთ, ან ორ თვიანი დაგვიანება გაერთიანების ეკონომიკას შესაძლოა 50-100 მილიარდი ევრო დაუჯდეს. 

თუმცა არის გარკვეული პროგრესიც. გერმანიაში, 80 წელს ზემოთ მოსახლეობის დაინფიცირების მაჩვენებელი 80%-ით შემცირდა დეკემბრის შემდეგ, რამდენადაც მედიკოსები პირველ რიგში სწორედ ასაკოვან მოსახლეობას ცრიან. გარდა ამისა, Airfinity-ის პროგნოზით, ახალი კონტრაქტების და გაზრდილი წარმოების ფონზე, ევროკავშირმა შესაძლოა მოახერხოს მოზრდილი მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაცია აგვისტოს ბოლომდე, რაც ორი თვით ადრე მიღებული შედეგი იქნება თავდაპირველ ვარაუდთან შედარებით. 

და მაინც, ინვესტორების თვალში ეს მაინც დაგვიანებული შედეგია, რადგან "ზაფხულის თვეები კრიტიკულია", წერს Bank of America-ს სტრატეგისტი, ათანსიოს ვამვაკიდისი. მისი აზრით, "რიგით მეორე ტურისტული სეზონის დაკარგვა რისკია ევროკავშირისთვის."

ბანკის პროგნოზით, ევრო წლის ბოლოსთვის დოლართან 1.15 ნიშნულზე დაეცემა დღეს არსებული 1.19-იანი გაცვლითი კურსიდან, რადგან აშშ მოსახლეობას უფრო სწრაფი ტემპებით ცრის, ხოლო მისი ფისკალური სტიმულის პაკეტი ექვსჯერ აღემატება ევროკავშირის მიერ ეკონომიკის აღდგენის მიზნით გამოყოფილ ფინანსურ სახსრებს. ამას ემატება ისიც, რომ ამერიკელებმა ლოქდაუნის დროს უფრო მეტი ფული დაზოგეს პანდემიის შემდეგ დახარჯვის მიზნით.

არსებული პროგნოზით, ევროკავშირის ეკონომიკა წელს მინიმუმ 1.8%-ით და მაქსიმუმ 5.6%-ით გაიზრდება. პესიმისტური პროგნოზი ახდება, თუ ოპტიმისტური - დამოკიდებულია ბიზნეს აქტივობის აღდგენის ტემპებზე, რაც თავის მხრივ ვაქცინაციის პროცესზეა მიბმული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ქსენია გალუჩკო და მაიკ მსიკა