LIVE

პარლამენტმა სებ-ის საბჭოში ზურაბიშვილის წარდგენილი კანდიდატურები ჩააგდო

26 ივნ 202314:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 471
პარლამენტმა სებ-ის საბჭოში ზურაბიშვილის წარდგენილი კანდიდატურები ჩააგდო

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა. ზურაბიშვილმა სებ-ის საბჭოში, ორ ვაკანტურ თანამდებობაზე, ასარჩევად პარლამენტს გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა.

საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც დღეს კანდიდატურების განხილვა და კენჭისყრა გაიმართა, მათ მხარი მხოლოდ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ბექა ლილუაშვილმა დაუჭირა. 

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს გიორგი ბაქარაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები 16 ივნისს წარუდგინა.  

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებდნენ, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერდნენ, მიზეზად კი კანდიდატურების კონსულტაციების გარეშე წარდგენას ასახელებდნენ. პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი საგანი იყო საბჭოს წევრად მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენის საკითხიც. „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ კონსულტაციების შედეგად, პრეზიდენტმა დაუდასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილი წარედგინა, თუმცა შეთანხმება დაარღვია.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის საბჭო, სებ-ის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ამჟამად 2 ვაკანტური თანამდებობაა.  

ამ ეტაპზე საბჭოში 7 წევრია და ის შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული:

  • საბჭოს თავმჯდომარე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავაა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტმა საბჭოს წევრად გასული წლის 7 ივნისს აირჩია.
  • საბჭოში არის სამი ვიცე-პრეზიდენტი: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა;
  • ეროვნული ბანკის საბჭოში 3 არააღმასრულებელი წევრია: ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი და ეკატერინე გალდავა.

ახლა ეროვნული ბანკის საბჭოში ბალანსი დარღვეულია, რადგან საბჭოს 4 აღმასრულებელი და 3 არააღმასრულებელი წევრი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესული ცვლილებით, რომლის ინიციატორებიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იყვნენ, შეიქმნა პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შეასრულებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას. მას დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. 

ეროვნული ბანკის საბჭომ 22 ივნისს სხდომაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩია, რითაც ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. 

ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება 2 მარტს ამოეწურა და მის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი ასრულებდა