ვაგნერის ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყების ფონზე შექმნილი გაურკვევლობის შემდეგ, რუსული რუბლი მნიშვნელოვნად, 15-თვიან მინიმუმამდე გაუფასურდა. კერძოდ, რუბლი დღეს 3%-ით დაეცა, რაც მიმდინარე წელს ყველაზე მკვეთრი ვარდნაა.
მოსკოვის დროით, დილის 09:35 საათზე რუბლმა დანაკარგები შედარებით აღიდგინა და 1 დოლარის ღირებულებამ 85.1 რუბლი შეადგინა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრით, გასული წლის მარტში, გამოწვეული გაუფასურების შემდეგ, ყველაზე დაბალი ნიშნულია.
"მიმდინარე გაურკვევლობა, სავარაუდოდ, რუბლს კვლავ ზეწოლის ქვეშ ამყოფებს", - აცხადებენ UniCredit AG ანალიტიკოსები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ რუბლის ვარდნა გაგრძელდება და შესაძლოა, 1 დოლარის ფასი 90 რუბლამდე გაიზარდოს.
შაბათს, როდესაც პრიგოჟინის არმია მოსკოვისკენ მიიწევდა, რუსულმა ბანკებმა 1 დოლარის გაცვლითი კურსი 100 რუბლამდე გაზარდეს. პრიგოჟინის უკან დახევის შემდეგ კი კურსი შედარებით გაუმჯობესდა.
რუბლი წელს აშშ დოლართან მიმართებით დაახლოებით 13%-ით გაუფასურდა. ამ მაჩვენებლით ის გლობალურად განვითარებად ბაზრებზე ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ვალუტა გახდა.
24 ივნისს რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.