LIVE

UBS-მა Credit Suisse-ის ყიდვის გარიგება დაასრულა

12 ივნ 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 521
UBS-მა Credit Suisse-ის ყიდვის გარიგება დაასრულა

შვეიცარიული ბანკი UBS აცხადებს, რომ კონკურენტი ბანკის, Credit Suisse-ის შეძენა ოფიციალურად დაასრულა.  

"ჩვენ გავაერთიანებთ ორივე ბანკის: UBS-ისა და Credit Suisse-ის გამოცდილებას, მასშტაბებსა და სიმდიდრის მართვის მენეჯმენტს, რათა შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი კომპანია", - ნათქვამია UBS-ის გამგეობის თავმჯდომარის, კოლმ კელეჰერისა და აღმასრულებელი დირექტორის, სერჯო ერმოტის ერთობლივ ღია წერილში. 

ეს ნიშნავს, რომ Credit Suisse და მისი ამერიკული სადეპოზიტო აქციები შვეიცარიის და ნიუ-იორკის ბირჟებზე აღარ ივაჭრება. აქციონერები Credit Suisse-ის ყოველ 22.48 აქციაზე UBS-ის 1 აქციას მიიღებენ. 

გაფართოების შედეგად, UBS-ის აქტივები $1.6 ტრილიონამდე, დასაქმებულთა რიცხვი კი 120 000-მდე იზრდება.

მიმდინარე წლის მარტში UBS კონკურენტი Credit Suisse-ის $3.25 მილიარდად შეძენას დათანხმდა. შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა მაშინ განაცხადა, რომ ეს გარიგება ფინანსური ბაზრების ნდობის აღსადგენად და რისკების სამართავად საუკეთესო საშუალება იყო.  

Credit Suisse 167 წელია არსებობს და იგი მსოფლიოს 30 ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტიტუტში შედის. Credit Suisse შვეიცარიის რიგით მეორე უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია, რომელშიც 2022 წლის ბოლოსთვის $574 მილიარდის აქტივები იყო დაცული, რაც 37%-ით ნაკლებია 2020 წლისთვის ბანკში განთავსებულ $912 მილიარდთან შედარებით. 

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ბანკი არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რამაც გარკვეულწილად ზიანი მიაყენა მის რეპუტაციას კლიენტების და ინვესტორების თვალში, რასაც ისიც დაერთო, რომ Credit Suisse-მა რამდენიმე ტოპ აღმასრულებელი კადრიც დაკარგა.  

მომხმარებლებმა შარშან Credit Suisse-დან 123 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი ($133 მილიარდი) გაიტანეს, უმეტესად ბოლო კვარტალში, მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა ბანკის არასახარბიელო ფინანსური მაჩვენებლები. კერძოდ, ბანკის წლიური წმინდა ზარალი $7.9 მილიარდი იყო, რაც ყველაზე დიდია 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიული ბანკის ერთ-ერთი კლიენტი "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელთანაც ბანკს მრავალწლიანი სამართლებრივი დავა აკავშირებს.